ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ედიშერ მაჩაიძე აცხადებს, რომ პრეზიდიუმის სხდომაზე გეგა გეგეშიძის გადადგომის საკითხზე არ უმსჯელიათ. ის ასევე ამბობს, რომ გეგეშიძის გადადგომის საკითხი სხდომაზე არც ზურაბ დათუნაშვილს დაუყენებია.

ედიშერ მაჩაიძის თქმით, პრეზიდიუმის წევრების სურვილია, რომ ზურაბ დათუნაშვილი დარჩეს ნაკრებში და გააგრძელოს ვარჯიში უახლოესი ჩემპიონატისთვის.

"ჩვენ შევთავაზეთ ჩაერთოს შეკრებაში და დაამტკიცოს თავისი სიძლიერე, მონაწილეობა მიიღოს ყველა ტურნირში და თუ დაამტკიცებს სიძლიერეს, მოხვდება გუნდში და იჭიდავებს ჩვეულებრივად, ამის გარანტორი იყო ოლიმპიური კომიტეტი და ლერი ხაბელოვი", — განაცხადა ედიშერ მაჩაიძემ.

ედიშერ მაჩაიძე, ჭიდაობის ვიცე-პრეზიდენტი

ედიშერ მაჩაიძე, ჭიდაობის ვიცე-პრეზიდენტი

ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი / On.ge

მისი თქმით, გეგა გეგეშიძემ "თვალებში შეხედა დათუნაშვილს და საჯაროდ მოუხადა ბოდიში მას".

მაჩაიძის განცხადებით, გეგეშიძემ არ მიიღო ბოდიში, განაცხადა, რომ "მოძალადე ფედერაციის პრეზიდენტთან" ვერ იმუშავებს და ითხოვა, რომ სხვა ქვეყანაში გადაცვლის საშუალება მისცენ.

"ჩვენ შევთავაზეთ გარკვეული დრო მოსაფიქრებლად, იქნებ დაფიქრდეს, მოვიდეს და დაიწყოს ვარჯიში. ასეთი დონის მოჭიდავის გაშვებაზე რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, ის შეიძლება ჩვენი კონკურენტიც კი აღმოჩნდეს მომავალ ჩემპიონატებზე. მის მომზადებაში კომიტეტს, ფედერაციას კონკრეტული თანხებიც აქვს ჩადებული. ამიტომ ადვილი არ არის, რომ გაუშვა და პრეზიდიუმმა თქვას, ადექი და წადი. ჩვენი მიზანია აქ იყოს და ხელი შევუწყოთ", — განაცხადა ედიშერ მაჩაიძემ.

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის თქმით, გეგეშიძესთან შერიგებას არ აპირებს.

"ვეტერანი პრეზიდიუმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უნდა შევრიგდეთ და ამის შემდეგ არავინ დაიჩაგრება, ჩემი პოზიცია არის ის, რომ მე ვერ ვიქნები ამ ადამიანთან, თუ არ გამიშვებენ, დამბლოკონ", — განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა დასრულდა, სადაც 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს მომხდარ ინციდენტს განიხილავდნენ.

სხდომაზე შესვლამდე დათუნაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მოთხოვნა: "გადადგეს გეგა გეგეშიძე". პრეზიდიუმის პარალელურად ფედერაციასთან აქცია იმართებოდა.

"გეგეშიძე მოძალადეა! ხვალ მსხვერპლი შეიძლება გახდე შენ!" — ამ ტრანსფარანტებით სამოქალაქო აქტივისტები გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვენ.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს მუშტი სახეში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ ჩაარტყა. ვიდეომასალის მიხედვით, ფედერაციის პრეზიდენტში ხელში რაღაც ნივთი უჭირავს, რომელსაც სპორტსმენის მიმართულებით იქნევს და შემდეგ მუშტს არტყამს. ამ ფაქტის შემდეგ დათუნაშვილს სახიდან სისხლი მოსდის.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს, საღამოს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. მოჭიდავეების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებს. ისინი გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირება ინციდენტი იყო, რომელიც ფედერაციაშივე უნდა დასრულებულიყო.

გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 იანვარს იმსჯელა. მან ციხე 5 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვა.

ამავე თემაზე: