წინა კვირას სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა. ოფიციალურ უწყებას არაერთხელ გამოუვლენია ვადაგასული კვერცხის თუ ჯანმრთელობისთვის საშიში სხვა პროდუქტის გასაყიდად გამოტანის შემთხვევა. რა საფრთხეები ახლავს გაფუჭებული ან დაავადებული ცხოველური პროდუქციის მოხმარებას და რას უნდა მიაქციოს ყურადღება მომხმარებელმა სასურსათო პროდუქციის შესყიდვისას?

2018 წელს საქართველოში ყველაზე გავრცელებული ზოონოზური (ცხოველიდან/ცხოველური ნაწარმიდან ადამიანზე გადამდები) დაავადებების სამეულში სალმონელოზი (270) ბრუცელოზი (177) და ჯილეხი (25) შევიდა. ჩამოთვლილ დაავადებებს შორის, ჯილეხი ყველაზე ნაკლებად გავრცელებულია საქართველოში, თუმცა სალმონელოზისა და ბრუცელოზისგან განსხვავებით, ჯილეხმა შესაძლოა ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. აღნიშნული დაავადებებით ადამიანის დასნებოვნების ერთ-ერთ მთავარ წყაროს არაჯანსაღი სასურსათო პროდუქტის მოხმარება, დაავადებულ ცხოველთან ან დაავადების კერებთან შეხება წარმოადგენს.

სალმონელოზი

სალმონელოზი საქართველოში სურსათით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. სალმონელას ბაქტერია ყველაზე ხშირად ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, კერძოდ, ღორისა და ფრინველის ხორცში, კვერცხში, თევზეულში, რძესა და რძის პროდუქტებში გვხვდება. ამასთანავე, იგი ადვილად მრავლდება ბოსტნეულში - კიტრში, სტაფილოში, მწვანილში და ა.შ. ადამიანებში სალმონელოზის სიმპტომები დაბინძურებული პროდუქტის მიღებიდან 8-72 საათის პერიოდში ვლინდება დიარეას, ღებინების, თავის ტკივილისა და სიცხის სახით.

სალმონელოზის თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება ჰიგიენური და სურსათის უვნებლობის ნორმების დაცვაა. კერძოდ:

  • გამოყენებამდე და გამოყენების შემდგომ, რეგულარულად უნდა გაირეცხოს ის ნივთები, რომელზეც პროდუქტი იყო მოთავსებული;
  • განსაკუთრებით ხშირად უნდა მოხდეს საპნით ხელის დაბანა;
  • სხვადასხვა სახის პროდუქტი ერთმანეთისგან განცალკევებით უნდა იდოს მაცივარში;
  • სურსათი უნდა ინახებოდეს მაცივარში, ეტიკეტზე მითითებული ტემპერატურული რეჟიმის დაცვით;
  • უნდა მოერიდოთ ნედლი პროდუქტების (აუდუღარი რძე, მოუხარშავი კვერცხი, გაურეცხავი ხილი და სხვა) მოხმარებას.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2017 წლის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 51 433 ნაწლავური ინფექციის შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 66,2%, ანუ 34 026 შემთხვევა სავარაუდო საკვებით მოშხამვებზე მოდის. სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეების ოდენობამ კი 16 759 შემთხვევა შეადგინა.

ამავე წლის მონაცემებით, ყველაზე ხშირად ინფექციური დიარეების შემთხვევები აჭარაში, იმერეთსა და თბილისში ფიქსირდებოდა.

ბრუცელოზი

მეორე, ყველაზე გავრცელებულ დაავადებას, რომელსაც რძე და რძის პროდუქტები (რძე, ყველი, მაწონი) იწვევს, ბრუცელოზი წარმოადგენს. გასულ წლებთან შედარებით, საქართველოში ბრუცელოზის სტატისტიკა გაუმჯობესებულია. თუ 2017 წელს 100 000 მოსახლეზე ბრუცელოზის 217 შემთხვევა ფიქსირდებოდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 177 შემთხვევამდე (ანუ 18%-ით) არის შემცირებული.

ბრუცელოზი ქრონიკული დაავადებაა, მისი სიმპტომებია: ცხელება, ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა, სახსრების ტკივილი, დეპრესია და უძილობა. დაავადება შეიძლება ეტაპობრივად გამოვლინდეს. ბრუცელოზმა მამაკაცებში შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობა, ხოლო ქალებში აბორტები. ბრუცელოზის თავიდან არიდების ერთადერთი გზაა - თერმულად დამუშავებული პროდუქტების მიღება.

სალმონელოზის და ბრუცელოზისგან განსხვავებით, შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს ჯილეხის შემთხვევები ადამიანებში. 2017 წელს 100 000 მოსახლეზე 0,9 ჯილეხის შემთხვევა, 2018-ში 0,6 შემთხვევამდეა შემცირებული.

ჯილეხი

ცხოველიდან ადამიანზე გადამდებ დაავადებებს შორის ჯილეხი ყველაზე მძიმე და საფრთხის შემცველია, ჯილეხის ბაცილა კი განსაკუთრებით გამძლე და სიცოცხლისუნარიანია. ჯილეხის ბაცილა ადამიანის ორგანიზმში დაავადებულ ხორცთან პირდაპირი შეხებით შეიძლება მოხვდეს. ჯილეხით დაავადებისთვის, არ არის აუცილებელი ადამიანმა ჯილეხით დაავადებული ხორცი ჭამოს, ხშირად, მხოლოდ დაავადებულ პროდუქტთან ან დაავადების კერასთან ზედაპირული შეხებაც კი საკმარისია. ჯილეხით დაავადების კიდევ ერთი გზა, იმ ნივთებთან ან ნიადაგთან შეხებაა რომელზეც დაავადებული პროდუქტი მოხვდა, მაგალითად: დანა, დაფა, მიწა ან თუნდაც თეფში. ჯილეხის ბაცილა სასუნთქი გზებითაც კი შეიძლება მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში.

ჯილეხის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენცია, მხოლოდ იმ პირუტყვის ხორცის ყიდვაა, რომელიც სასაკლაოზე დაიკლა, ვინაიდან სასაკლაოზე მიყვანილ ცხოველს დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი შემოწმება უტარდება. სავაჭრო ობიექტს, საჯაროდ, ადვილად დასანახ ადგილზე უნდა ჰქონდეს მოთავსებული სასაკლაოზე დაკვლის ცნობა — ანუ ეტიკეტი.

სახლში მიტანილი ხორცი უნდა ინახებოდეს ჰიგიენურ პირობებში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. სადილის მომზადებამდე ხორცი ძალიან კარგად უნდა მოიხარშოს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) რეკომენდაციებით, ზოონოზურ დაავადებებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება, ცხოველთა-იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროგრამის დანერგვა და მისი ეფექტური ფუნქციონირებაა. აღნიშნულ სისტემას სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ნერგავს, სისტემა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას აძლევს, დროის უმოკლეს მონაკვეთში მოახდინოს დაავადების კერების იდენტიფიცირება და მათი ლოკალიზება, რაც აისახება აღნიშნული დაავადებების კლების ტენდენციაში. პროგრამის სრულყოფილად ამუშავება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი.