თამაზ ახობაძე აცხადებს, რომ თუ იუსტიციის სამინისტრო მიერ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ სტატუს დაეყრდნობა მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, თუმცა იქამდე სანამ ოფიციალურ ბრძანებას არ ნახავს დამატებით კომენტარებს ვერ გააკეთებს.

მისი თქმით, სამწუხაროა, თუ რა ფორმებითა და რა ხანგრძლივობით მოუწია საკუთარი სიმართლის დაცვა. მან ასევე განმარტა, რომ შიმშილობა ამ ეტაპზე შეწყვიტა.

"შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჩემი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ძალიან სამწუხაროა, რომ 5 წელი დამჭირდა ჩემი დარღვეული უფლებების აღსადგენად. ასევე სამწუხაროა, რომ დამჭირდა ისეთი უკიდურესი ზომების გამოყენება როგორიც იყო შიმშილობა, მე ხვალისთვის ველოდები ოფიციალურ ბრზანებას, რადგან ფეისბუქსტატუსი არ არის ძალისმიერი დოკუმენტი და ბრძამების გაცნობის შემდეგ უფრო მეტი შემეძკლევა ვთქვა რეალურად არის ეს აღდგება თუ რაიმე სხვა სახის ინფორმაცია", — განაცხადა თამაზ ახობაძემ.

დანაშაულის პრევენციის ცენტრი და აღსრულების ეროვნული ბიურო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ გათავისუფლებულ თამაზ ახობაძეს განაცდურს აუნაზღაურებენ და სამსახურში არა იმავე, მაგრამ სხვა, ტოლფას პოზიციაზე აღადგენენ.

თამაზ ახობაძემ სამსახურში აღდგენის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობა გუშინ, 27 თებერვალს დაიწყო. ის 7 საათზე სამინისტროსთან კარვის გაშლასაც გეგმავდა.

ახობაძის საქმე

2014 წელს ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაათავისუფლეს. ისინი გათავისუფლებას მინისტრის, თეა წულუკიანის პირად გადაწყვეტილებას უკავშირებდნენ, რადგან მათ ფეისბუკზე გააპროტესტეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის, დავით მაისურაძის, გათავისუფლება. სუბელიანმა და ახობაძემ სსიპ-ს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, სააპელაციო სასამართლოში დავა 2017 წლის 9 მარტს მოუგეს.

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, თუმცა, უმაღლესმა ინსტანციამ 2017 წლის 18 სექტემბერს დაუშვებლად სცნო საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც უწყებას მათი სამსახურში აღდგენა და თითქმის 4-წლიანი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც ახობაძის თანამდებობაზე აღდგენას შეეხებოდა მის სამუშაო ადგილზე დანიშნულმა პირმა გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კიდეც.

2018 წლის 23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა თამაზ ახობაძის საჩივარი და მიიჩნია, რომ მისი თანამდებობაზე აღდგენის განმხილველ საქმეებში მის ყოფილ სამუშაო ადგილზე დასაქმებული პირი არ უნდა ყოფილიყო ჩართული.

ანა სუბელიანმა სამინისტროსთან ხუთწლიანი დავა 2018 წლის 29 დეკემბერს შეწყვიტა. ის განაცდურის ანაზღაურებას დათანხმდა. როგორც სუბელიანმა აღნიშნა დათანხმდა იმაზე ნაკლებს ვიდრე ეკუთვნოდა.