იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სადავო საკითხზე გუნდში შეთანხმება შედგა. სწორედ სადავო საკითხებს ასახელებდა ის გადადგომის შესაძლო მიზეზად.

"როგორც იცით, არსებობდა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ. დისკუსია დასრულებულია, პოზიციები შეჩერებულია და თემა არის ამოწურული და შესაბამისად, ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას", — თქვა მან და ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე დატოვა ბრიფინგის ოთახი.

თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე თეა წულუკიანმა 11 მარტს ისაუბრა. წულუკიანმა განმარტა, რომ არსებობდა საკითხი, რომელიც მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყვეტილიყო.