ნეტფლიქსის უცნაური ამბები მესამე სეზონით 2019 წლის 4 ივლისს დაბრუნდება, ზუსტად იმ დღეს, როდესაც აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ახალ სეზონში მოქმედება 1985 წლის ზაფხულში ხდება. აქამდე არხმა შოუს ორი ოფიციალური ტიზერი გამოუშვა, დღეს კი მაყურებელს მესამეც შესთავაზა.

პირველში ვიგებდით, რომ ჰოუკინსში ახალი სავაჭრო ცენტრი იხსნება, რომლის ერთ-ერთ მაღაზია Ahoy-შიც სტივი ნაყინებს ყიდის. იქვე ვიცნობდით ახალ პერსონაჟ რობინსაც, რომლის როლსაც მაია ჰოუკი ასრულებს.

მეორე ოფიციალური ტიზერი კი სტრიმინგ-სერვისმა იანვარში გაავრცელა და ის ნიუ-იორკში ტაიმ სკვერზე ბროლის ბურთის დაშვების ცერემონიას გვიჩვენებდა. უკანასკნელი წამების ათვლის დროს კი ჩანდა, რომ ჰოუკინსის ადგილობრივ ანძას ჰაკავენ და ტელევიზორის ეკრანზე გაურკვეველი ასოები ჩნდება, სადაც იწერება - "როდესაც ლურჯი და ყვითელი დასავლეთში ერთმანეთს ხვდება". ბოლოს კი ეკრანზე ფოიერვერკის ფონზე ამ სეზონის მთავარი სლოგანი ჩნდებოდა - "ერთ ზაფხულს შეუძლია ყველაფერი შეცვალოს".

რაც შეეხება მესამე ტიზერს, ის სულ რაღაც 7-წამიანა და ჩანს, რომ ჰოუკინსის წინაშე ახალი გასაჭირია და ეს არც მეტი, არც ნაკლები საშინელი მღრღნელები არიან, რომლებიც ქალაქს შეესივნენ.

თუ სერიალის ახალ პოსტერს კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ თაგვები იქაც ჩანან.

შესაძლოა, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ მესამე ნაწილში ახალ მონსტრები "გავიცნოთ" - დემოვირთხები; ამაზე მინიშნება გვხვდება სერიალის მესამე სეზონის ერთ-ერთი ეპიზოდის სახელშიც - The Mall Rats.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ახალ სეზონს და ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხი მივიღოთ.