პოლიტიკურ პარტია გირჩში მიაჩნიათ, რომ შსს-ს შემოტანილი ნარკოტესტი, რომელიც ადგენს მოიხმარა თუ არა ადამიანმა კანაფი უკანასკნელი 8 საათის განმავლობაში მოქალაქეებს უსამართლოდ დასჯის. პარტიაში ამბობენ, რომ ახალი რეგულაციით დაისჯება ყველა ადამიანი, რომელმაც ღამის საათებში კანონით მინიჭებული უფლებით მოიხმარა კანაფი და დილით ავტომობილით წავიდა სამსახურში.

მათი განცხადებით, სახელმწიფოს ეს დამოკიდებულება არის "გაუაზრებელი, არაადამიანური, ამორალური, არამეცნიერული და ძალიან საშიში", ამიტომ მოუწოდებენ შსს-ს არ აღასრულოს კანონის ახალი მუხლი კანაფთან მიმართებაში. პარტია ასევე მოუწოდებს პარლამენტს უმოკლეს ვადაში შეცვალოს კანონმდებლობა, ავტოსატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კანაფთან მიმართებაში, და გამოიყენოს ალკოჰოლთან მიმართებაში არსებულის იდენტური მიდგომები.

პარტიაში აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებენ, რომ კანონის ამ მუხლმა ვერ იმუშაოს, აზრი დაკარგოს და ადამიანები არ მოხვდნენ ციხეში იმის გამო, რომ ღამით მეგობრებთან ერთად კანაფი მოიხმარეს.

პირველ აპრილს ძალაში შედის მუხლი, რომელიც ადგენს, რომ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.