ბანგლადეშელმა ქალმა ნაადრევი მშობიარობიდან თითქმის ერთ თვეში ტყუპები გააჩინა. ამ უჩვეულო ამბის მთავარი გასაღები ისაა, რომ არიფა სულთანას ორი საშვილოსნო აქვს.

20 წლის ქალმა პირველად თებერვლის მიწურულს იმშობიარა და ბიჭი გააჩინა, თუმცა 26 დღის შემდეგ, მან მუცელში ტკივილი იგრძნო და კიდევ ერთხელ მოხვდა საავადმყოფოში.

ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ის კვლავ ორსულად იყო და მის მეორე საშვილოსნოში ტყუპი გოგო და ბიჭი იყვნენ. ქალს გადაუდებელი საკეისრო კვეთა ჩაუტარეს.

დედას და ტყუპებს ჯანმრთელობის მხრივ გართულებები არ აღმოაჩნდათ.

"როდესაც პაციენტი მივიღეთ, ჩვენ მას ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩავუტარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ტყუპებზე იყო ორსულად. გაოცებულები ვიყავით. მსგავსი რამ აქამდე არ მინახავს", - ამბობს გინეკოლოგი შეილა პოდარი.

ექიმის სიტყვებით, ქალს სოციალური მდგომარეობის გამო ექოსკოპია აქამდე არ ჰქონდა ჩატარებული და სწორედ ამიტომ არ იცოდა, რომ ორსულად არა ერთ, არამედ სამ ბავშვზე იყო.

დედა და შვილები საავადმყოფოდან ოთხ დღეში გაწერეს.

"სულთანა და ბავშვები ჯანმრთელად არიან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა", - ამბობს ექიმი პოდარი.

BBC სინგაპურელ გინეკოლოგზე დაყრდნობით წერს, რომ ორმაგი საშვილსნო არც ისეთი იშვიათი მოვლენაა, როგორიც ადამიანებს ჰგონიათ.

"წინასწარი სკრინინგით საშვილოსნოს ორი განყოფილების აღმოჩენა მარტივია, თუმცა ადგილმდებარეობის გამო, ის ულტრაბგერით შემოწმებაზე, შესაძლოა, არ გამოჩნდეს", - ამბობს ექიმი კრისტოფერ ენჯი.

როგორც თავად დედა ამბობს, ის თავის შვილებთან ბედნიერია, თუმცა შიშობს, რომ სამივე ბავშვის ერთად გაზრდას ფინანსური პრობლემები შეიძლება ახლდეს. მისი ქმრის შემოსავალი თვეში 95 დოლარის ექვივალენტია, თუმცა, როგორც AFP წერს, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი:

"ჩემი შვილების ჯანმრთელობა ალაჰისგან მოვლენილი სასწაულია. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ისინი ბედნიერნი იყვნენ".