დღეს, 31 მარტს უკრაინაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთმა კანდიდატმა, ვლადიმერ ზელენსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სერიოზული დიპლომატია, ხოლო თუკი მას უკრიანის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, ის უნდა დაუბრუნდეს. ამის შესახებ მან საარჩევნო უბანზე შესვლამდე განაცხადა:

"მიხეილ სააკაშვილს მნიშვნელოვანი როლი აქვს უკრაინისთვის, როდესაც საქმე ეხება ამ ქვეყნის დემოკრატიის დაცვას ევროპაში. ამაზე მისი ყველა მოქმედება მეტყველებს. მე ვფიქრობ, ის სერიოზული დიპლომატი და მრჩეველია ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი კანდიდატისთვის. ასეთი ადამიანის დახმარება საჭიროა".

41 წლის კომედიანტი ვლადიმერ ზელენსკი ყველაზე ახალგაზრდა და ახალბედა კანდიდატია. ამის მიუხედავად, სწორედ, ზელენსკი ლიდერობს ყველა წინასაარჩევნო გამოკითხვაში. სხვადასხვა მონაცემებით, მას ამომრჩევლების 30 პროცენტამდე უჭერს მხარს. კანდიდატებს შორის არიან მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, იულია ტიმოშენკო, იური ბოიკო და ანატოლი გრიცენკო.

უკრაინაში საარჩევნო უბნები დღეს, 31 მარტს ადგილობრივი დროით 8 საათზე გაიხსნა. 30-მა მილიონმა ამომრჩეველმა პრეზიდენტი 39 კანდიდატს შორის უნდა აირჩიოს.

გაიგეთ მეტი: რა უნდა ვიცოდეთ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე