მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ანდრიაძის ინფორმაციით, გირჩის ალტერნატივად მართლმადიდებლური ორგანიზაცია შეიქმნა, რომელიც ახალგაზრდებს ჯარისგან გაათავისუფლებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი განმარტებით, ეს ორგანიზაცია თურქეთში არსებულ, ისტორიულად ჩამოყალიბებულ კატაკომბურ ეკლესიას წარმოადგენს, რომელიც თავისი მრწამსით მართლმადიდებლური ორგანიზაციაა. მისივე თქმით, ორგანიზაციამ რეგისტრაცია უკვე გაიარა.

"გირჩმა, დესტრუქციულმა, ანტიქართულმა, ანტიმართლმადიდებლურმა ორგანიზაციამ შექმნა ის რეალობა, რომ თავის სექტანტურ გაერთიანებაში გააწევრიანა და გაათავისუფლა ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან", — ამბობს ანდრიაძე.

მისივე განცხადებით, ორგანიზაციამ უკვე მიმართა იმ პიროვნებებს, რომლებიც არიან მართლმადიდებლები და სიტუაციიდან გამომდინარე გირჩის ორგანიზაციაში მოხვდნენ, "გადაწერილიყვნენ" ახალ ორგანიზაციაში. ანდრიაძე ამბობს, რომ "ამით ეკლესიას ასობით ადამიანი დაუბრუნა".

ის აქვე დასძენს, რომ მათი მიზანია, ხელისუფლებამ სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონი შეცვალოს და "ამ კანონის მანკიერი მხრიდან გამომდინარე, არ უნდა მიეცეთ ახალგაზრდებს საშუალება, გაწევრიანდნენ ისეთ ანტიქართულ ორგანიზაციაში, რომელიც შექმნა გირჩმა".