ფინეთში ჩასვლისას ერთი რამ აუცილებლად მოგხვდებათ თვალში: ამ ქვეყანაში მცირე საუბრებს ანუ "სიტყვების გაცვლას" თითქმის არ ცნობენ. ინტერაქცია ბარისტასთან მხოლოდ ყავის სახელით შემოიფარგლება. უხერხული სიჩუმის გაფანტვის მცდელობები მინიმუმამდე არის დაყვანილი. ლიფტში მდგომები ჩუმად მგზავრობენ საკუთარ სართულებამდე და ორშაბათს სამსახურში მისვლისას არავინ ყვება, როგორ გაატარა უქმეები. ეს მემე, სადაც ავტობუსის გაჩერებაზე მდგომი ადამიანები ერთმანეთისგან მოშორებით დგანან, ფინეთში ხუმრობად არც კი აღიქმება, იმდენად ჩვეული სანახობაა. თუ უცხოელი ხართ, გილოცავთ - სავარაუდოდ, თქვენ ყველაზე ხმამაღალ ადამიანად ითვლებით ოთახში.

ორი მილიონი "შიშველი" საუნის მქონე ქვეყნისთვის, მგონი, უცნაურია, არა? (როგორც წესი, საუნები სქესის მიხედვითაა დაყოფილი, თუმცა მეგობრების წრეში ეს წესი ირღვევა). ასე რომ, ფინელები არც მორიდებულები არიან და არც მორცხვები.

გიორგი მერჩულეს მსგავსად, ფინელებიც თვლიან, რომ დუმილი ოქროა, მეტყველება კი - ვერცხლი. სწორედ ასე ჟღერს ერთ-ერთი ფინური ანდაზა.

ფოტო: Eric Nathan / Alamy

საქმე ისაა, რომ სავალდებულო ზრდილობიანი გასაუბრება ყველა კულტურისთვის სავალდებულოდ არ ითვლება. როგორც ტინა ლატვალა, ლაპლანდიაში მცხოვრები ინგლისურის მასწავლებელი გვიხსნის, მის მოვალეობებში ახალგაზრდა მოწაფეებისთვის მცირე საუბრის კონცეფციის ახსნაც შედიოდა.

"ჩვენ გვქონდა სავარჯიშო, რომელშიც უნდა წარმოგედგინა, თითქოს ვინმეს პირველად ხვდები", - ამბობს ლატვალა, - "მოსწავლეები განასახიერებდნენ სიტუაციას კაფეში ან ავტობუსში, სადაც ერთმანეთთან საუბარი უნდა გაებათ. დაფაზე გვქონდა ჩამოწერილი "უსაფრთხო" თემები, რომ თამაშში ჩართულ გმირებს ბევრი არ ეწვალათ. ამ თემებს ერთობლივად ვარჩევდით ხოლმე. როგორც წესი, ეს პროცესი ყველა კლასში რთულად ეჩვენებოდათ".

18 წლის ალინა ჯეფრემოფი ჰელსინკიში ცხოვრობს და ამ ტიპის სავარჯიშოებს უსიამოვნოდ იხსენებს. ამერიკული ფილმების დახმარებით, მან ისედაც იცოდა, რომ სხვა ქვეყნებში კომუნიკაციის განსხვავებული სტილი არსებობს. ამის მიუხედავად, დავალებების შესრულება მისთვისაც არ ყოფილა მარტივი.

როცა ფინელებს აზრის გამოხატვა უცხო ენაზე უწევთ, ურჩევნიათ, არაფერი თქვან, ვიდრე აზრი დამახინჯებულად გადმოსცენ.

კითხვაზე, რა ნაწილში ისურვებდა, რომ ფინური საზოგადოება უფრო ღია ყოფილიყო, ჯეფრემოფი მაგალითით პასუხობს: მაგალითად, როცა წიგნები გიცვივდება მეტროში და ამაზე შენ თვითონაც გეცინება. ალინა ამბობს, რომ გაუხარდებოდა, თუ უცნობებიც შეუერთდებოდნენ იმის გაცნობიერებაში, რომ ეს სიტუაცია სულელურია და მასთან ერთად გაიღიმებდნენ. უცნობის საქციელზე გამოხმაურება ისეთი რამ არაა, რასაც ფინელები ბუნებრივად თვლიან.

იმის შესახებ, თუ რატომ არის სიჩუმე ასე გამჯდარი ფინურ კულტურაში, მრავალი ჰიპოთეზა არსებობს. ლატვალას აზრით, ამის მიზეზი ფინური ენის სირთულეში უნდა ვეძიოთ.

ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი ლაურა კოლბე კი ფიქრობს, რომ ყველაფერი შედარებითია. ფინელები, მისი თქმით, მცირე საუბრების ნაკლებობას ან დუმილს ნეგატიურ მოვლენად არ თვლიან. კულტურები ერთმანეთს საკუთარ ნორმებზე დაყრდნობით აფასებენ.

"ფინელების სიჩუმე განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება, თუ მათ უშუალო მეზობლების თვალით შევხედავთ", - მიხსნის ლაურა, - "მაგალითად, როცა წარსულში ქვეყანაში შვედურ ან გერმანულენოვანი ადამიანები ხვდებოდნენ, მათ უკვირდათ, რომ ფინელები მათთან საუბრის წამოწყებას შვედურად ან გერმანულად არ ცდილობდნენ და უბრალოდ, ჩუმად იყვნენ".

საქმე ენის არცოდნაში არაა. ფინეთს ორი ეროვნული ენა აქვს - ფინური და შვედური - და ქვეყნის მაცხოვრებლები ინგლისურის სწავლასაც ადრეულ ასაკში იწყებენ, თუმცა როცა მათ აზრის გამოხატვა უცხო ენაზე უწევთ, ურჩევნიათ, არაფერი თქვან, ვიდრე აზრი დამახინჯებულად გადმოსცენ. როცა ოთახში მხოლოდ ფინელები არიან, მაშინ დუმილი ზუსტად ისეთივე კომფორტულია, როგორიც - მეგობრებს შორის საუბარი.

ამ აზრს ავითარებს დოქტორი ანნა ვატანენიც, ოულუს უნივერსიტეტის მკვლევარი, რომლის ბოლო ნამუშევარი "მდუმარე ფინელის" სტერეოტიპს ეხებოდა. მისი აზრით, ფინელები დუმილს კომუნიკაციისათვის იყენებენ, თუმცა ეს უცხოელებისათვის გაუგებარია.

"საქმე ენის სტრუქტურასა და მახასიათებლებში არაა, არამედ მის გამოყენებაში. მაგალითისთვის, ინგლისურენოვან ქვეყნებში "how are you" (როგორ ხარ) უბრალოდ მისალმების ფუნქციას ატარებს და მასზე სერიოზულ პასუხს არავინ ელის. ამის საპირისპიროდ, ფინური ეკვივალენტი (Mitä kuuluu?) ნამდვილ პასუხს მოითხოვს. ამ კითხვას თუ დაუსვამთ ფინელს, ის მოგიყვებათ, ამჟამად რა ხდება მის ცხოვრებაში, რა სიახლეები აქვს და რას საქმიანობს".

კაროლინა კორჰონენი, ბესტსელერ "ფინური კოშმარების" ავტორი ამბობს, რომ დუმილი შეიძლება არა უზრდელობის, არამედ საპირისპირო მოვლენის მახასიათებელი იყოს:

"ფინელები პერსონალურ სივრცეს აფასებენ", - ამბობს ის, - "თუ არ იცნობ მეორე ადამიანს, არ გინდა, რომ რაიმეთი შეაწუხო. ის შეიძლება თავის საფიქრალში იყოს გართული და არ უნდოდეს უცნობთან გასაუბრება. თუ ხედავ, რომ საუბრისთვის ღიაა და შენც იმავეს გრძნობ, მაშინ შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ფინელები მანძილს იცავენ".

დროთა განმავლობაში საუბრისთვის თავის არიდების სურვილი იმდენად ნორმალურ მდგომარეობად იქცა, რომ ფინურ კულტურაში ღრმად ჩაიბეჭდა. ფორმულა ერთის მძღოლის, კიმი რაიკონენის მთელი იმიჯი სწორედ საუბრის ნაკლებობაზეა აგებული. კომიკოსები ფინელების სიჩუმეზე ხშირად ხუმრობენ. ის ჩინელი თინეიჯერები კი, რომელთაც სოციალური ინტერაქცია დიდად არ უყვართ, საკუთარ თავს "სულიერად ფინელებს" უწოდებენ.

ფინელები ფიქრობენ, რომ თუ მნიშვნელოვანი თემა არაა განსახილველი, სალაპარაკოც არაფერია

ფოტო: Nataliia Rumiantseva / Alamy

მართალია, ფინეთი მეტი გახსნილობისაკენ მიიწევს, თუმცა ძალიან პატარა ნაბიჯებით. ჯუსი სალონენი, ფინური შოკოლადიის კომპანიის, Goodio-ს დირექტორი ამბობს, რომ ლოს-ანჯელესში ორი წლის გატარებამ ბევრ რამეზე დააფიქრა:

"ვფიქრობდი, რა იქნებოდა, ამერიკული სულის იმპორტი რომ შეგვეძლოს. როცა სამშობლოში დავბრუნდი და, კაფეში შესულს, ბარისტამ სასურველი ყავის გარდა არაფერი მკითხა, თითქმის გავნაწყენდი. მერე გამახსენდა, რომ ამაში გასაოცარი არაფერია. უბრალოდ, ასეთები ვართ. უცნაურია, რომ სხვაგან ყოფნამ ასე შემცვალა. ცოტაოდენი კომუნიკაცია ან ზრდილობიანი გასაუბრება არ გვაწყენდა".

კარგი იქნებოდა, თუ ფინეთისგან დანარჩენი მსოფლიო პირადი სივრცის პატივისცემას ისწავლიდა. დღეისთვის კი ფინეთი თითქმის ეგზოტიკურ ქვეყნად შეგვიძლიათ ჩავთვალოთ არსებული სოციალური კულტურის გამო. კი, დიდი შანსია, ქუჩაში არასდროს არავინ გამოგენაცნაუროს, მაგრამ თუ გაგიმართლა, შეიძლება რომელიმე ფინელი შენი მეგობარი გახდეს და ყველაფერი, სულ ყველაფერი მოგიყვეს.

თუ შენც ფიქრობ, რომ სულით ფინელი ხარ და ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში მოგზაურობას გადაწყვეტ, არ დაგავიწყდეს და იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ შეიძინე.