მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ანდრიაძე გირჩის რელიგიური ორგანიზაციის, ბიბლიური თავისუფლების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ანდრიაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანდრიაძემ განაცხადა, რომ ბიბლიური თავისუფლება უკანონოდ შეიქმნა, რადგან არის გამოგონილი და შარლატანური. მისივე თქმით, კანონით გამოგონილი რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაცია არ შეიძლება. რაც შეეხება მის რელიგიურ ორგანიზაციას, ის ამბობს, რომ ის ისტორიულად არსებობდა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს.

"აღნიშნული ხელისუფლებაც და წინა ხელისუფლებაც უამრავ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ გადაწყვეტილებას იღებდა... მათ შექმნეს, საერთოდ, გირჩი და ხელს უწყობენ მის არსებობას. ეს ურტყამს ქართულ ჯარს, ქართულ სულისკვეთებას ახალგაზრდობაში და, რა თქმა უნდა, ქართულ ეკლესიას".

გარდა ამისა, გიორგი ანდრიაძე ამბობს, რომ თვითონ მილიტარისტული სახელმწიფოს მომხრეა, როგორიცაა ისრაელი და შვეიცარია.

"როდესაც ხელისუფლება უსინდისო მეთოდებით თამაშობს, ეს არის თამაში, რასაც გირჩი აკეთებს, პოლიტიკური მეთოდებით ვაღებთ ამას პასუხს", — აღნიშნა ანდრიაძემ.

მისივე თქმით, როდესაც გირჩის რელიგიური ორგანიზაცია გაუქმდება, მათი ორგანიზაციაც შეწყვეტს ჯარში გაწვევის თავის ასარიდებლად რეგისტრაციას. ანდრიაძის განმარტებით, მართლმადიდებელ კატაკომბური თემი იარსებებს და მას სხვა მიზნებიც აქვს.

პირველ აპრილს გიორგი ანდრიაძემ განაცხადა, რომ გირჩის ალტერნატივად მართლმადიდებლური ორგანიზაცია შეიქმნა, რომელიც ახალგაზრდებს ჯარისგან გაათავისუფლებს. მისი განმარტებით, ეს ორგანიზაცია თურქეთში არსებულ, ისტორიულად ჩამოყალიბებულ კატაკომბურ ეკლესიას წარმოადგენს, რომელიც თავისი მრწამსით მართლმადიდებლური ორგანიზაციაა.