"მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი", — ამ წარწერით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი ევროპის საბჭოს სასახლის წინ გაიხსნა. ეს სიტყვები ჟვანიამ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას 20 წლის წინ წარმოთქვა.

ვარსკვლავის გახსნას ესწრებოდნენ ყოფილი პრემიერის ოჯახის წევრების. მისი ცოლის, ნინო ქადაგიძის თქმით, ეს მისთვის სასიამოვნო მოულოდნელობაა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემ თვალწინ ხდებოდა ყველაფერი და ვიცი რა კოლოსალური შრომის შედეგი იყო, საოცარი პროცესები მოხდა იმ დროს. რა თქმა უნდა, როდესაც აფასებენ ეს განსაკუთრებული პატივია. ჩემთვის პიროვნულად და ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ადგილას იქნება მემორიალი, სადაც ზურას საქმე და ჩვენი ქვეყნის გაწეული საქმე იქნება დაფასებული", — აღნიშნა ქადაგიძემ.

ევროპის საბჭოს სასახლის წინ იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავებია განთავსებული, რომლებსაც ევროპის საბჭოს მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.

დღეს, 10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზურაბ ჟვანია გაიხსენა და თავისი გამოსვლა ისტორიული სიტყვებით დაასრულა:

"20 წლის წინ — 1999 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ ამ შესანიშნავ დარბაზში ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მკაფიოდ მახსოვს ეს ფრაზა და დღეს — 20 წლის შემდეგ — მსურს აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი!"