გირჩი ხელისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში სდებს ბრალს. პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ On.ge-ს უთხრა, რომ გირჩის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი, რომელმაც მთაწმინდაზე გადაწერის შესახებ იუსტიციის სახლს მიმართა, ახალ მისამართზე დარეგისტრირებულები ამ დრომდე არ არიან.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლება პროცესს სპეციალურად აფერხებს. მისი განმარტებით, საბუთის ჩაბარების შემდეგ ორ დღეში ხდება ახალ მისამართზე რეგისტრირება. თუმცა, გირჩის რამდენიმე მხარდამჭერების შემთხვევაში, განაცხადის გაკეთებიდან ერთი კვირაც არის გასული და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის.

"მიზეზი შეიძლება იყოს ერთი ის, რომ პროცესს წელავენ და რაღაც დროის მერე გვეტყვიან, ვერ დაარეგისტრირეს ადამიანები ახალ მისამართზე და შესაბამისად, ახალი ბაზები ვერ მიაწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. შესაბამისად, ეს ხალხი ვერ შეძლებს, რომ ხმა მისცეს მთაწმინდის ოლქში", — ამბობს ჯაფარიძე.

ის მეორე ვარიანტად განიხილავს იმას, რომ შესაძლოა, ხელისუფლება სამართლებრივ საფუძველს ეძებდეს, რაზე დაყრდნობითაც გირჩის მხარდამჭერებს გადაწერაზე უარს ეტყვის. ჯაფარიძე ამბობს, რომ მსგავსი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, უკანონობა არ ჩაიდინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში "მათ პასუხს გასცემენ და ეს პასუხი მკაცრი იქნება".

ჯაფარიძე აზუსტებს, რომ მსგავსი პრობლემა მასზე და პარტიის წევრ იაგო ხვიჩიაზე არ დაფიქსირებულა. ის თვლის, რომ სავარაუდოდ, ნეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანებზე მსგავსი რამის გაკეთება ვერ გაბედეს.