დღეს, 18 აპრილს ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრად პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ დანიშნა, რაც თანამდებობიდან გიორგი ქობულიას გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი.

2018 წლის სექტემბრიდან ნათია თურნავა გიორგი ქობულიას მოადგილედ მუშაობდა. მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება პრემიერმა კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

განათლებით ნათია თურნავა ეკონომისტია და ბაკალავრის პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა. ამავე უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურა. სამაგისტრო პროგრამა მან დიდი ბრიტანეთის კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში დაასრულა და ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი მიენიჭა. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიის და მონოგრაფიის ავტორი, ორი წიგნის თანაავტორი.

სანამ თურნავა მინისტრის მოადგილედ დაინიშნებოდა, ის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

2006-2013 წლებში ნათია თურნავა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ ნათია თურნავა მუშაობდა 2000-2005 და 2005-2006 წლებში. ამასთანავე, 2005 წელს ის საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო.

მანამდე, 1998-2000 კი თურნავა თბილისის საკრებულოს წევრი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო.