მწერლები და გამომცემლები აპროტესტებენ მწერალთა სახლისა და წიგნის ეროვნული ცენტრის გაერთიანებას და მოითხოვენ ორგანიზაციებს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნდეთ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ წარმატებული ორგანიზაციების გაერთიანება არასწორი გადაწყვეტილებაა.

მათი განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებამდე სამინისტროს კონსულტაციები არ გაუვლია ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ან სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც უწყების პოზიციას არადამაჯერებელს და საეჭვოს ხდის. მათი თქმით, ერთადერთი შესაძლო ახსნა წარმატებული ორგანიზაციებისთვის დამოუკიდებლობის ჩამორთმევისა გაერთიანებულ სიპის ხელმძღვანელად "რომელიმე უფუნქციო ჩინოვნიკის დანიშვნა" შეიძლება იყოს..

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მის დაქვემდებარებაში კულტურის მიმართულებით არსებული სსიპ-ების ნაწილს აერთიანებს. უწყება ამას "მართვის გაუმჯობესებითა" და მათი "გაძლიერების" სურვილით ხსნის.