ჯორჯიან მანგანეზის განცხადებით, ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი, აკაკი გურჯიძე თანამდებობას ტოვებს.

"ის სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია", — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ჭიათურაში მაღაროელები მე-11 დღეა შიმშილობენ. ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა გუშინ, 26 მაისს უშედეგოდ დასრულდა. კომპანიამ გაფიცულებს პირველ ეტაპზე 15-პროცენტიანი და შემდეგ 10-პროცენტით ხელფასების ზრდა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. მაღაროელები პირველ ეტაპზე ხელფასის 30-პროცენტიან ზრდას, შემდეგ კი 20-პროცენტიანს ითხოვენ.