მწვანე ავტობუსების შემოყვანის დაგვიანების გამო თბილისში ზონალური პარკირების ამოქმედება პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე გადაიდო. თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, ამ დროისთვის შესყიდული 90 MAN-ის ტიპის ავტობუსიდან 50 ჩამოვიდა, ხოლო 40 ავტობუსს მერია ერთ თვეში ან თვენახევარში ელოდება.

"ზონალური პარკირების ამოქმედება დაგეგმილი იყო პირველი ივლისიდან, მაგრამ რადგან ჩვენ გვინდა, რომ ყველა ავტობუსი ადგილზე იყოს და პარალელურად მოხდეს ამ რეფორმის განხორციელება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზონალური პარკირება პირველი აგვისტოდან ამოქმედდეს", — თქვა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი საპილოტეა და პირველ ეტაპზე კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში ამოქმედდება, სადაც ახალი ავტობუსები იმოძრავებენ.

ავტობუსების შემომყვან კომპანიასთან ხელშეკრულება მერიამ 3 აგვისტოს გააფორმა, რომლის მიხედვითაც ავტობუსები თბილისში ცხრა თვეში სრულად უნდა შემოსულიყვნენ. ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად, მწვანე ავტობუსები ყველა მარშრუტზე არ მოძრაობენ.