ქართული ოცნებიდან ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ აღწერით გაზიარება დროში ბარკერის დის გარდაცვალებას დაემთხვა.

On.ge კოსტავას იმის გასარკვევად დაუკავშირდა, რისი თქმა სურდა ვიდეოზე გაკეთებული წარწერით. დეპუტატი ამბობს, რომ ის მართლმადიდებელი ქრისტიანია და ფასეულობების აბუჩად აგდება არ შეიძლება. მისივე თქმით, "იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის".

კითხვაზე, რამდენად სწორია მართლმადიდებელი ქრისტიანის მხრიდან ადამიანისთვის ასეთი რამის თქმა, როცა მას და გარდაეცვალა, დეპუტატი პასუხობს, რომ ეს პირველად ესმის და ამის შესახებ არაფერი იცოდა.

"პირველად მესმის თქვენგან, ეს ძალიან სამწუხაროა, ვუსამძიმრებ ნამდვილად. მე არაფერ შუაში ვარ... რაღაცნაირად ბოროტი ძალებისგან გადაუხადეს სამაგიერო. მე ნამდვილად არ ვიცოდი ეგ", — ამბობს დეპუტატი.

დროში დამთხვევის მიუხედავად, დეპუტატი ცდილობდა ახსნას, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ არაფერი იცოდა. მან წელიწადზე მეტი ხნის წინ გამოქვეყნებული ვიდეოს ორი დღის წინ გაზიარება თავისი აღშფოთებით ახსნა.

"მაგი არჩიეთ თქვენ, დაემთხვა თუ არ დაემთხვა. უბრალოდ ალბათ დაემთხვა... სულ ასეთი მწარე კომენტარები მაქვს გაკეთებული იმათზე, ვინც ეროვნულობას შეეხება, ვინც მართლმადიდებლობას შეეხება, ვინც პატრიარქს შეეხება", — აცხადებს ის.

კითხვაზე, არის თუ არა ტყუილი ცოდვა, ნანა კოსტავა პასუხობს: "ტყუილი ნამდვილად ცოდვაა".

Facebook-ზე დეპუტატის პოსტი აღარ იძებნება.