ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატი ნანა კოსტავა, რომელმაც სალომე ბარკერზე არაეთიკური პოსტი გამოაქვეყნა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს არ ნიშნავს, რომ მან სადეპუტატო მანდატიც დაკარგა. ის კვლავ რჩება საკრებულოს წევრად.

ნანა კოსტავამ Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ აღწერით გაზიარება დროში ბარკერის დის გარდაცვალებას დაემთხვა.

მოგვიანებით კოსტავამ ბოდიში მოიხადა. მან ისევ გაიმეორა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა On.ge-სთან საუბრისას ბარკერზე მან აღნიშნა, რომ "რაღაცნაირად ბოროტი ძალებისგან გადაუხადეს სამაგიერო".

გუშინ, 30 მაისს On.ge-სთან საუბარში კოსტავა ამბობდა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, რადგან უფალთან, საზოგადოებასთან და სალომე ბარკერთან ის მართალია. მისი თქმით, ჯვარზეც რომ გააკრან, როგორც იესო ქრისტე, მართლმადიდებლობის შეურაცხოფას ყოველთვის დაგმობს. ის აღნიშნავდა, რომ "უხარია, უფლისა და მართლმადიდებლობის დაცვის გამო ქვებს რომ ესვრიან".

კოსტავა, ასევე, ამბობდა, რომ პატივს სცემდა გუნდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, "თუ საჭირო გახდებოდა", თბილისში სალომე ბარკერთან ჩავიდოდა და მიუსამძიმრებდა.

"დედა, ასე შეკრული ერი ნეტავი ვიყოთ დავით გარეჯის მიმართებაში, სამაჩაბლოს მიმართებაში, აფხაზეთის მიმართებაში. ვთქვათ, რაღაც ვიცოდი და შევცდი, გამოვშტერდი ამხელა ქალი, ასეთი ზიზღი და ბოღმა შეიძლება? ბულინგის მსხვერპლი რომ ვარ, იმას ვერ ხვდებით?" — განაცხადა მან.

ამავე თემაზე: