ქართული ოცნების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა ახალმა მრჩეველთა საბჭომ მეოთხე მცდელობაზე დირექტორად ის კანდიდატი აირჩია, რომლის დანიშვნაშიც ჟურნალისტების ნაწილი სარედაქციო საფრთხეს ხედავს. გიორგი კოხრეიძე აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.

შეგახსენებთ, რომ წინა დირექტორის იმპიჩმენტის შემდეგ მრჩეველთა საბჭოს წინა შემადგენლობას სამი უშედეგო მცდელობა ჰქონდა. საბჭო, რომელმაც ახალი დირექტორი აირჩია რამდენიმე კვირის წინ დაკომპლექტდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მეოთხე კონკურსის მეორე მცდელობაა. პირველი სწორედ კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე შეჩერდა. ის ამტკიცებდა, რომ მესამე კონკურსის გამარჯვებული იყო და მეოთხე მცდელობა ტელევიზიას აღარ უნდა ჰქონოდა. ეს სარჩელი კოხრეიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუკმაყოფილა. ახალი ბორდის არჩევის შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში

19 აპრილს ნათია კაპანაძის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას ხუთი მრჩევლიდან ოთხმა დაუჭირა მხარი. იმპიჩმენტის პროცესი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილმა ირაკლი დარცმელიძემ და ქართული ოცნების დასახელებულმა გიგა ჩხარტიშვილმა დაიწყეს. ისინი აცხადებდნენ, რომ დირექტორი მოვალეობას ვერ ასრულებდა, რაც პრიორიტეტების შეუსრულებლობასა და ტელევიზიაში ხელფასებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებში გამოიხატებოდა.

იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კაპანაძემ თქვა, რომ საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მაუწყებლის გამართულ მუშაობას. მისი თქმით, მაუწყებელი პრიორიტეტებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში ასრულებდა, რაც აქვს.

კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მოვლენებს თვალს ადევნებენ. დირექტორს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმა. პროცესებს გამოეხმაურა აშშ-ს საელჩო საქართველოში.

ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს არხი პირველად მოხვდა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორც ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია.

გაიგეთ მეტი: