კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტირმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შეეცდება მსმენელებს საქართველო სამი რიცხვით დაამახსოვროს, ესენია: 1, 28 და 8 000.

მან სამივე რიცხვის მნიშვნელობა განმარტა:

"პირველი რიცხვია 1. საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ის პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოში და მთელ რეგიონში და არჩეულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 6-წლიანი ვადით".

მან ასევე თქვა, რომ არჩევნებიც ისტორიული მოვლენაა საქართველოს წინსვლის გამო მრავალფეროვნებისა და დემოკრატიის მიმართულებით.

"მეორე რიცხვია 28. ზუსტად ამდენი წელია, გავთავისუფლდით საბჭოთა კავშირიდან და დემოკრატიული განვითარების საკუთარ გზას დავადექით, როგორც დამოუკიდებელი ერი. სიამაყით ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა ამ გზაზე ყველა ნაბიჯის გადადგმისას", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მესამე რიცხვი, რომელზეც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, 8 000-ია. მისი თქმით, სწორედ ამდენი წლის ისტორიას ითვლის ღვინის წარმოება საქართველოში.

"არქეოლოგების კვლევების შედეგად, საქართველო მსოფლიოში მეღვინეობის სამშობლოდაა აღიარებული. საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია 8 000 წლის წინ დაიწყო, დამწერლობის შექმნამდე 3 000, ხოლო რკინის ხანის დაწყებამდე 5 000 წლით ადრე. ქართული დამწერლობაც კი ვაზის ლერწმის მოხაზულობას წააგავს", — თქვა ბახტაძემ.

მან, ასევე განაცხადა, რომ "საქართველო პატარა, თუმცა დიდი ხედვის მქონე ქვეყანაა, რომელიც იმ გზაჯვარედინზე იმყოფება, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი — სამხრეთს, უძველესი ტრადიციები — ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს და სადაც ეკონომიკური შესაძლებლობები უხვადაა".