რეგინფოს ცნობით, არასრულწლოვანი გოგო ორჯერ გაიტაცეს და ორივე ჯერზე ერთმა და იმავე პირმა გააუპატიურა. პირველი შემთხვევა 2015 წელს მოხდა, მეორე კი 2019 წლის 4 აპრილს.

გამოცემის ცნობით, 2015 წელს საგარეჯოში 14 წლის გოგო რამდენიმე კაცმა მოიტაცა და 24 წლის მამაკაცთან ერთად საყარაულო ოთახში ჩაკეტეს. კაცმა არასრულწლოვანი გააუპატიურა და უთხრა რომ ცოლად უნდოდა.

"იმავე ღამეს, ძალადობით კიდევ ორჯერ დაამყარა სქესობრივი კავშირი", — წერს გამოცემა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. ბრალდებული ამ დრომდე თავისუფალია და სასამართლო საქმეს უკვე 35 თვეა იძიებს. ამ დროის განმავლობაში ბრალდებულმა მიმალვა მოახერხა და მას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

რეგინფო წერს, რომ მომხდარის გამო გოგონა მეზობელ სოფელში გადაიყვანეს საცხოვრებლად.

"4 აპრილს, სახლიდან სკოლისკენ მიმავალი დაზარალებული გოგო, ბრალდებულმა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, სოფლის ცენტრიდან ისევ მოიტაცა და იმავე დღეს, სქესობრივი კავშირი დაამყარა", — წერს გამოცემა.

4 აპრილს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

რეგინფოს ინფორმაციით, გოგო სავარაუდო მოძალადესთან ცხოვრობს, მან სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტები, სადაც წერია, რომ ბრალდებულთან პრეტენზია არ აქვს.