საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ამჟამად ლონდა თოლორაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორია. ამ დრომდე სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას თამარ ქალდანი იკავებდა.

ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირამ, 21 კი წინააღმდეგი იყო

ლონდა თოლორაიასთან ერთად სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე პარლამენტს სპეციალურმა საბჭომ კიდევ ერთი კანდიდატი, ვალერი ლომუაშვილი წარუდგინა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორია.

კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი 2019 წლის 17 მაისს გამოცხადდა. კონკურსანტებს განაცხადების წარსადგენად 10 დღე განესაზღვრათ. კონკურსში, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა, განაცხადი 48 პირმა გააკეთა.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების შერჩევის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია 23 აპრილს შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის ივლისში მიიღო კანონი სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ. კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომლის მიზანია განახორციელოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება. ამ მუხლებს შორისაა წამება, დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.