რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედუზას ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ჟურნალისტს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობაში ედებოდა ბრალი.

ჟურნალისტს შინაპატიმრობიდან 11 ივნისს გაათავისუფლებენ. როგორც მედუზა წერს, საქმე ბრალის დაუმტკიცებლობის გამო შეწყდა. ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვლადიმერ კოლოკოლცევმა დაადასტურა. მისივე თქმით, გოლუნოვის საქმის პოლიციელები ჩამოშორებულები არიან. ამასთანავე, განყოფილების ხელმძღვანელი, რომელმაც საქმე აღძრა და მოსკოვში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელი გაათავისუფლეს.

გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი ნარკოდანაშაულის ბრალდებით მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. პოლიციაში აცხადებდნენ, რომ ჩხრეკის დროს გოლუნოვის ზურგჩანთიდან მეფედრონის ხუთი პაკეტი ამოიღეს, ხოლო სახლის ჩხრეკისას კოკაინი და ელექტრონული საათი იპოვეს. პოლიციამ სახლის ჩხრეკის ცხრა ფოტო გაასაჯაროვა, თუმცა შემდგომში აღმოჩნდა, რომ გავრცელებული ფოტოებიდან მხოლოდ ერთი იყო გოლუნოვის სახლში გადაღებული. შეცდომა აღიარეს პოლიციაშიც. 9 ივნისს სასამართლომ ჟურნალისტს აღმკვეთ ღონისძიებად შინაპატიმრობა შეუფარდა.

ივან გოლუნოვი ამბობს, რომ ის მისი საქმიანობის და ბოლო გამოძიების გამო დააკავეს, რომელიც დამკრძალავი ბიუროების ბიზნესს ეხებოდა. მისივე თქმით, მას რამდენჯერმე ემუქრებოდნენ.

ჟურნალისტის დაკავებას ქვეყნის მასშტაბით დიდი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. გოლუნოვის გათავისუფლებასა და საქმის სწორად გამოძიებას ითხოვდნენ როგორც ჟურნალისტები, ისე კულტურის სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. მხარდასაჭერი საპროტესტო აქციები გაიმართა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინს ჟურნალისტის საქმის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.