თბილისში ზონალური საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება, კოტე აფხაზის ქუჩა (ლესელიძის ქუჩა) და მიმდებარე ქუჩებია.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ამ ქუჩებზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება და ნებისმიერ ადამიანს ექნება საშუალება, რომ მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.

პარკირების საფასური არ შეეხება:

  • საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას;
  • ელექტროძრავიან ავტომობილებს;
  • შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს;
  • A კატეგორიის ტაქსებს, რომელთათვის გამოყოფილია საპარკინგე ადგილები.

ფასიანი პარკირება სამ: A, B და C ზონებად იქნება დაყოფილი. A ზონაში პარკირების გადასახადი ერთი ლარია, B ზონაში — ორი ლარი, ხოლო C ზონაში — სამი ლარი.

საათობრივი პარკირების გადახდა შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციით ან ქუჩაში დამონტაჟებული აპარატებით. იმ ქუჩებზე, სადაც საათობრივი პარკირება ამოქმედდება ივლიან ავტობუსებიც.

ზონალური პარკირების საპილოტე პროექტი ივლისში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მწვანე ავტობუსების შემოყვანის დაგვიანების გამო თბილისში ზონალური პარკირების ამოქმედება პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე გადაიდო.