ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის განცხადებით, ლგბტ თემის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს გარანტირებული. განცხადების ხელმომწერი 37 წევრი და პარტნიორი ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, შეშფოთებულია თბილისში ლგბტ თემისთვის სივრცის შეზღუდვის გამო. ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საჭირო ზომა გაატარონ საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად.

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოაჩინოს დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულება და დაიცვას თბილისი პრაიდის კვირეულისა და ღირსების მარშის მონაწილეების უსაფრთხოება.

ბოლო წლებში დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიღწეული წარმატების მიუხედავად, ლგბტ თემისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა", — ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International თბილისი პრაიდთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ყველა საჭირო ზომა და უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოება

18 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დეპარტამენტი ღრმადაა შეშფოთებული ლგბტქ თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით თბილისი პრაიდის მარშის წინ და კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით.

მოსალოდნელი საფრთხის გამო, ნიდერლანდების საელჩო საქართველოში თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ღირსების მარშს მოერიდონ.

ლევან ვასაძის მხარდამჭერები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, ქართული მარში და სხვა ჰომოფობიური ჯგუფები თბილისი პრაიდს ჩაშლით ემუქრებიან. მიუხედავად ამისა, თბილისი პრაიდის ორგანიზატორების განცხადებით, "საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში" მაინც ჩატარდება.

ამავე თემაზე: