ევროპარლამენტის ლგბტი ინტერჯგუფის წევრები მიმართავენ ევროკომისიას, ფედერიკა მოგერინის, ფრანს ტიმერმანს, ვერა ჯოროვას, საქართველოს ხელისუფლებას თბილისი პრაიდის დაცვისკენ მოუწოდონ, დაიცვან ლგბტ თემის გამოხატვისა და მშვიდობიანი დემონტრაციის უფლება.

"ულტრა მემარჯვენე ჰომოფობიური ჯგუფებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის მუქარის ფონზე, საქართველო ისტორიაში პირველი ლგბტ მარშის გამართვა იგეგმება. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს, ადეკვატურად დაიცვას თბილისი პრაიდის მარში, შაბათს 22 ივნისს. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ღირსების მარშს, ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვწუხვართ ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო... აშკარაა, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პრაიდის უსაფრთხოება, რაც არის საერთაშორისო სამართლით გარანტირებული ვალდებულება. ეს არაერთხელ დადასტურებულია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციით. ჰომოფობიური ჯგუფების მუქარა არ შეიძლება იყოს ქალაქში მარშის ჩატარების აკრძალვის საფუძველი. მოგიწოდებთ თქვენ [ევროკომისრებს], სასწრაფოდ ჩაერიოთ და გაუგზავნოთ ძლიერი მესიჯი საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩვენ ველით მათგან ადამიანის უფლებების სრულფასოვან დაცვას", — ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 19 ივნისს აშშ-ს საელჩომ საქართველოში თბილისში მყოფ შტატების მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხოების მიზნით თავი აარიდონ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ხალხმრავალ ღონისძიებებს.

გუშინვე ადამიანის უფლებათა სახლის ფონდმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხელმომწერი 37 ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საჭირო ზომა გაატარონ საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად.

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International თბილისი პრაიდთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ყველა საჭირო ზომა და უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოება.

18 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დეპარტამენტი ღრმადაა შეშფოთებული ლგბტქ თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით თბილისი პრაიდის მარშის წინ და კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით.

მოსალოდნელი საფრთხის გამო, ნიდერლანდების საელჩო საქართველოში თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ღირსების მარშს მოერიდონ.

ლევან ვასაძის მხარდამჭერები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, ქართული მარში და სხვა ჰომოფობიური ჯგუფები თბილისი პრაიდს ჩაშლით ემუქრებიან. მიუხედავად ამისა, თბილისი პრაიდის ორგანიზატორების განცხადებით, "საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში" მაინც ჩატარდება.

ამავე თემაზე: