საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ "სადღაც რუსს რომ დავინახავთ, არ უნდა გავნადგურდეთ". ასე გამოეხმაურა ის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "პარლამენტის თავმჯდომარის სკამში რუსი დეპუტატის ნახვამ გაანადგურა".

"პოლიტიკოსს არ აქვს უფლება, იყოს სუსტი, მით უმეტეს, კაპიტულაციური პოზიცია ეჭიროს, რომ გავნადგურდი. ჩვენ კიარ უნდა გავნადგურდეთ, უნდა გავძლიერდეთ. ჩვენ უნდა ვიბრძოდეთ და არა იმის გამო, რომ სადღაც რუსს დავინახავთ, გავნადგურდეთ... მე არ ვიზიარებ ამ შეხედულებას, რომ ჩვენ იმის გამო, რომ სადმე რუსს თუ დავინახავთ, უნდა გავნადგურდეთ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესი ყველა ფრონტზე და ყველა ეტაპზე", — თქვა ქუცნაშვილმა.

მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში იმყოფებიან. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა.