ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დაწყებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყებენ მოქმედებებს, გადაკეტავენ გზებს, ხიდებსა და რკინიგზას.

ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ გადადგეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შს მინისტრი გიორგი გახარია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური. მოთხოვნების შესასრულებლად მათ ხელისუფლებას დრო 12 საათამდე მისცეს.

გრიგოლ ვაშაძის გამოსვლამდე პარლამენტთან აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა გიგი უგულავამ, მან თქვა, რომ უკან დახევას არ აპირებენ. მისი აზრით, საქართველოში ცვლილებების დრო დადგა, "გადადგეს ეს სამი გვამი, თუ ეს ცვლილებები არ დადგება დღეს, მაშინ თითოეულმა თქვენგანმა, ხალხმა უნდა მიიღოს ისინი, ვინც მოვიდნენ ცვლილებებისთვის და მზად არიან ბოლომდე წავიდნენ ამ ცვლილებებისთვის". გიგი უგულავამ თქვა, რომ რიგგარეშე პროპორციული არჩევნებით ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

"სამწუხაროდ მათი მხრიდან არის კვლავ სიჩუმე, რადგან მათ სათქმელი არაფერი აქვთ. ჩვენ ყველანი კარგად ვაცნობიერებთ, რომ აქ ჩვენ მოსულები ვართ გამარჯვებისთვის, ივანიშვილმა უკან უნდა დაიხიოს, აფრები დახიოს და გვერძე გადგეს. მე არ დაგიმალავთ, გადაწყვეტილება, რომელიც აქ ერთად უნდა მივიღოთ არ არის ადვილი. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ერის წინაშე, უკან დახევას არცერთი ჩვენგანი არ აპირებს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ივანიშვილზე. ჩვენი მოთხოვნები, ჩვენი გამარჯვება უნდა იყოს მტკიცე მაგრამ მშვიდობიანი", — თქვა გიგი უგულავამ.