ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მიდიოდა მასობრივი ძალადობის ორგანიზება. კალაძის თქმით, პროცესები ემუქრებოდა სამოქალაქო მშვიდობასა და კონსტიტუციურ წესრიგს.

"ყველა ვთანხმდებით, რომ ძალის გამოყენება იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული და სრულად ლეგიტიმური", — თქვა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, შესაბამისი უწყებები მოახდენენ რეაგირებას იმ ცალკეულ შემთხვევებზეც, თუ კი ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, რაც "დამახასიათებელია მსგავსი მასშტაბის დესტაბილიზაციის დროს პოლიციური ოპერაციებისთვის".

"ქართული ოცნება არის დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება და იგი მაღალი დემოკრატული სტანდარტით გააგრძელებს ქვეყნის მართვას. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას და შესაძლებლობას პოლიტიკურ რევანშს მოწყურებულ ძალებს, საფრთხე შეუქმნან ქართული სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივას", — განაცხადა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კალაძემ.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. კახა კალაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ქართული ოცნება ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე.

20 ივნისის აქცია

პარლამენტის წინ აქციის დაშლის დროს 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 სამართალდამცავია. ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ამ დრომდე კლინიკაში 102 პაციენტი რჩება. ერთის მდგომარეობა მძიმეა, ორს კი თვალი ამოაჭრეს.

მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.

გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.

სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, ორს თვალი აქვს დაკარგული. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.