თბილისი პრაიდმა რუსთაველზე განვითარებული პროცესების გამო ღირსების მარში დროებით გადაიდო. ამის შესახებ პრაიდის გუნდმა განცხადება გაავრცელა.

"რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესებისა და არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თბილისი პრაიდის გუნდმა გადავწყვიტეთ, რამოდინიმე დღით გადავდოთ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში. მსვლელობაში მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება და ღონისძიების ახალ თარიღს რეგისტრირებულ ადამიანებს ვითარების განმუხტვის შემდეგ გავაცნობთ", — ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, თბილისი პრაიდის გუნდი გასული 8 თვის განმავლობაში ემზადებოდა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ და პროფესიონალურად ორგანიზებისთვის. თბილისი პრაიდი წარმატებით დაიწყო და კვირეულის ფარგლებში აქამდე დაგეგმილი ყველა ღონისძიება ექსცესების გარეშე დასრულდა.

"თუმცა, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ვერ მივცემთ ჩვენ თავს უფლებას ხელი შევუწყოთ ქვეყანაში დაძაბულობის კიდევ უფრო ესკალაციას. არ მივცემთ პრორუსულ, ნეოფაშისტურ ჯგუფებს შესაძლებლობას შეასუსტონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ჩვენ ვიჩენთ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ვმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", — ნათქვამია განცხადებაში.

თბილისი პრაიდის ცნობით, მთავრობასთან კონსულტაციები გრძელდება რიგ პოლიტიკის საკითხებზე, რათა ლგბტქი თემის მდგომარეობა იყოს განხილული უწყებათაშორის ფორმატში და უახლოეს მომავალში თემის უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

განცადებაში რამდენიმე მთავარი მოთხოვნაა გამოყოფილი.

  • მოხდეს გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცედურების გამარტივება, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის — ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობას;
  • შეიქმნას სახელმწიფო თავშესაფარი ლგბტქი ადამიანებისათვის;
  • პრემიერ მინისტრის კაბინეტში შეიქმნას ახალი პოზიცია, რომელიც ინტერსექციულად იმუშავებს სხვადასხვა ინსტიტუციებთან ლგბტქი ადამიანების თანასწორობის საკითხებზე;
  • ლგბტქი ადამიანთა უფლებების დაცვის მიზნები და ამოცანები გაიწეროს შესაბამის სამთავრობო სამოქმედო სტრატეგიებსა და გეგმებში.

პრაიდის ორგანიზატორების ცნობით, სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ სახელმწიფო მზადაა უმოწყალოდ დაარბიოს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ სამართლიანად გამოსული მოსახლეობა, მაგრამ არ სურს რუსული ფულით დაფინანსებული რადიკალური ჯგუფებისაგან დაიცვას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები და მათი მხარდამჭერები.

თბილისი პრაიდის კვირეული 18 ივნისს დაიწყო, უკვე ჩატარდა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ორი ღონისძიება, სოციალური სპექტაკლი და კონფერენცია. ღირსების მარში კვირეულის დასასრულს იყო დაგეგმილი. თბილისი პრაიდს ამ დრომდე, აპროტესტებენ სიძულვილის ჯგუფები. ისინი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის პარალელურადაც კი, ვერის ბაღში მთელი დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ დაგეგმილ ღირსების მარშს.