საკონსტიტუციო რეფორმით, არჩევნები პროპორციული წესითა და 5-პროცენტიანი ბარიერით 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო. 24 ივნისს ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება შეცვალა. შედეგად, არჩევნები პროპორციული წესით 2024 წლის ნაცვლად 2020 წელს ჩატარდება, ერთი ცვლილებით — ბარიერი სრულად მოიხსნება.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმება პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. იქამდე 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება 20-მა პოლიტიკურმა პარტიამ მოითხოვა. საარჩევნო ბარიერზე არც ერთ მხარეს საჯარო პოზიცია არ დაუფიქსირებია. თუმცა, 2018 წელს, საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობის დროს ოპოზიციური პარტიები 5-პროცენტიანი ბარიერის 3 პროცენტამდე დაწევას ითხოვდნენ. პრეზიდენტ მარგველაშვილის 5-პუნქტიან ვეტოშიც ერთ-ერთი საკითხი ბარიერის 3 პროცენტამდე დაწევა იყო.

მაშინ ქართულმა ოცნებამ ოპოზიციისა და პრეზიდენტის მოთხოვნა არ გაითვალისწინა, დღეს კი ნულპროცენტიან ბარიერზე საუბრობს და ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების დაწყებას აანონსებს, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მიესალმება 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, თუმცა მათი ნაწილი ბარიერის არარსებობით შექმნილ რისკებზეც მიუთითებს.

საარჩევნო ბარიერი

საარჩევნო ზღურბლი არის პარტიული სიის მიერ მიღებულ ხმათა მინიმალური პროცენტული რაოდენობა, რომელიც პარტიას უფლებას აძლევს, მანდატების განაწილებაში მონაწილეობა მიიღოს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაში საარჩევნო ბარიერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შეუზღუდავი პროპორციული სისტემის შედეგად, პარლამენტში, შესაძლოა, მრავალი პატარა პარტიის ნაკლებგავლენიანი, მაგრამ ამბიციური წარმომადგენელი მოხვდეს.

საარჩევნო გამოცდილება აჩვენებს, რომ ბარიერის დაწესება ხელს უშლის წარმომადგენლობით ორგანოში დაბალრეიტინგულ პარტიათა წარმომადგენლების მოხვედრას, რომლებიც, ცხადია, ამ ორგანოში "ამინდს" ვერ შექმნიან, მაგრამ შეიძლება პრობლემები შეუქმნან არა მარტო უმრავლესობის ჩამოყალიბებას, მთავრობის შექმნას და, შემდგომ, საჭირო გადაწყვეტილებათა მიღებას, არამედ ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბებასაც.

საარჩევნო ზღურბლის დაწესებას რისკები ახლავს. მაღალი ზღურბლის შემთხვევაში შეიძლება ზღვარგადალახულ პარტიათა მიერ მიღებული ხმების ჯამური რაოდენობა მათ მოწინააღმდეგეთა რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდეს და არჩეულ ორგანოში მხოლოდ უმცირესობის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. მით უმეტეს მაშინ, როცა ზღურბლს მიღმა დარჩენილი პარტიების მიერ მიღებული ხმები გამარჯვებულ პარტიებზე ნაწილდება.

საერთაშორისო გამოცდილება

დამკვიდრებული დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც პარტიული სისტემა ჩამოყალიბებულია და არჩევნებში, ძირითადად, ორი-სამი ძლიერი პარტია მონაწილეობს, ბარიერი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ამომრჩეველთა წარმომადგენლობაზე. გარდამავალი ქვეყნებისათვის კი სასურველია, რომ საარჩევნო ზღურბლის სიდიდე 3-5%-ს არ აღემატებოდეს.

იმ ქვეყნებში, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, ბარიერები მრავალფეროვანია, ყველაზე მაღალი, 10-პროცენტიანი ბარიერი თურქეთს აქვს. სახელმწიფოების ერთი მესამედი 5-პროცენტიან ბარიერს იყენებს. გერმანიაში, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა შემოიღო საარჩევნო ზღურბლი, 5-პროცენტიანი ბარიერია. ჰოლანდიაში 0,67 პროცენტია, ისრაელში კი 1%-დან 4%-მდე გაიზარდა. პოსტსოციალისტურ ქვეყნებში ბარიერი, როგორც წესი, 3-დან 5 პროცენტამდე მერყეობს.

ევროპის საბჭოს 2007 წლის რეზოლუციაში საპარლამენტო ასამბლეამ 3-პროცენტიანი ბარიერი შეარჩია. ეს არის ზღვარი, რომელიც მიღებულია "დამკვიდრებული დემოკრატიის ქვეყნებში".

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საარჩევნო ბარიერებში ამომრჩევლების უფლებების დარღვევას ვერ ხედავს. ამის კარგი მაგალითია საქმე იუმაკი და სადაკი თურქეთის წინააღმდეგ.

განმცხადებლები დავობდნენ, რომ 10-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერით ქვეყანა არჩევანის გაკეთებისას შეხედულების თავისუფალ გამოხატვაში ერეოდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 10-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი, რომ თავიდან აერიდებინა საპარლამენტო დანაწევრება და შესაბამისად, მიზნად ისახავდა სამთავრობო სტაბილურობის გაძლიერებას.

აქვე, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საარჩევნო ბარიერის გავლენა განსხვავებული იყო ქვეყნების მიხედვით და ბარიერის როლი განსხვავდებოდა ბარიერის დონისა და ქვეყანაში პარტიების სისტემების მიხედვით.

ვენეციის კომისიამ თავის 2010 წლის ანგარიშში ბარიერებსა და საარჩევნო სისტემების სხვა მახასიათებლებზე, რომლებიც გზას უკეტავენ პარტიებს პარლამენტისკენ დაადგინა, რომ "ნებისმიერ შემთხვევაში, აზრი არ აქვს ევროპის საბჭოს ყველა ქვეყნისთვის ერთგვაროვანი საარჩევნო სისტემის ძიებას. უნდა დადგინდეს საზღვრები, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და თითოეულ ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, თუ რა რეგულაციები მოერგება უკეთესად მის კონკრეტულ გარემოებებს, მისი ისტორიისა და პარტიების სისტემის მხედველობაში მიღებით".

ქართული რეალობა

საქართველო იმ ქვეყნების რიგს მიეკუთვნება, სადაც 3-პროცენტი ბარიერი ყველაზე მისაღებია. 3-პროცენტიან ბარიერზე საუბრობდნენ საკონსტიტუციო რეფორმის დროსაც და 3-პროცენტიან ბარიერზე საუბრობენ ახლაც. იმავე რეკომენდაცის იძლეოდა ვენეციის კომისიაც საკონსიტიტუციო რეფორმაზე მუშაობის პერიოდში.

ქართულ ოცნებას ბარიერის გაუქმების მოტივი არ განუმარტია. ოპოზიციის ნაწილმა ივარაუდა, რომ ნულოვანი ბარიერით ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნება სხვადასხვა პარტიის სახელით შეიყვანოს პარლამენტში საკუთარი მოკავშირე პირები და ისევ შექმნას საპარლამენტო უმრავლესობა. იმავეს ფიქრობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე და განმარტავს, რომ "პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა "ერთკაციან" პარტიებს გაეხსნება".

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) მიესალმება საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, მაგრამ ბარიერის გაუქმებაში რისკებს ხედავს.

მათი პოზიციით, საარჩევნო ბარიერის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობის ძალიან მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიების მოხვედრა საკანონმდებლო ორგანოში, რაც, სავარაუდოდ, უარყოფითად აისახება პარლამენტის მუშაობის ეფექტურობაზე. პარლამენტში პარტიების არაგონივრულად დიდი რაოდენობის პირობებში შესაძლოა გართულდეს მთავრობის ფორმირება ან შეიქმნას პოლიტიკური კრიზისებისა და არასტაბილურობის საფრთხე.

ISFED-ში აცხადებენ, რომ არაგონივრულად დაბალი ბარიერით არჩევნების ჩატარება გაზრდის პარტიულ ფრაგმენტაციას და გამოიწვევს ისეთი პარტიების შექმნასა და პარლამენტში მოხვედრას, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობაში ადეკვატურად ჩართვის რესურსი და შესაძლებლობა არ ექნებათ. ამის მაგალითია 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებული 1992 წლის არჩევნების შედეგები, რომელშიც სახეზე იყო პოლიტიკური პარტიების მასობრივად შექმნის ტენდენცია.

"გონივრული საარჩევნო ბარიერის არსებობა ემსახურება პარტიების გაძლიერებას, ამომრჩეველთან მუდმივ მუშაობას და ამასთან, აზღვევს ანტისისტემური, რადიკალური ძალების შესვლას საკანონმდებლო ორგანოში, თუ მათ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა არ აქვთ. ამასთან, ერთეულ ლიდერზე ორიენტირებული და ძლიერი პლატფორმის არმქონე პარტიების პირობებში, პარლამენტში გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა ინდივიდების ვიწრო ინტერესებს და ფინანსურ თუ სხვა სარგებელს დაეფუძნოს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაცია ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციას, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს გარდამავალ პერიოდში მნიშვნელოვანია 3%-დან 5%-მდე საარჩევნო ბარიერის არსებობა, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ამ ჯგუფში ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობის დროს შეხვედრები უკვე გამართა. მაშინ კობახიძე უარს ამბობდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე და არგუმენტად, სავარაუდო, არასტაბილურობა მოჰყავდა. 24 ივნისის დაპირებით კი მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე და ცვლილებების კანონში ასახვაზე მუშაობას კვირის ბოლოდან დაიწყებს.

ამავე თემაზე: