საქართველოს პარლამენტმა საქართველოში უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის შეზღუდვაზე კანონი მესამე მოსმენით მიიღო. ეს კანონი გარკვეული გამონაკლისებით პრეზიდენტის ხელმოწერისთანავე ამოქმედდება, სრულად ძალაში კი 2020 წლის პირველი იანვრიდან შევა.

სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შეიძლება ეკუთვნოდეს

  • საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის, საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში;
  • საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში;
  • საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში, რომლის 50 პროცენტზე მეტი საქართველოს მოქალაქის საკუთრებაშია;
  • უცხოელის საკუთრებაში, თუ მან ეს მიწა მემკვიდრეობით მიიღო;
  • უცხოელების საკუთრებაში არსებული კომპანიის საკუთრებაში, საინვესტიციო გეგმის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით;
  • მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტზე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფინანსურ ინსტიტუტზე.

მიწის გაყიდვის ვალდებულება

  • უცხოელებისთვის მიწის გაყიდვის ვალდებულება არ წარმოიშვება იმ შემთხვევაში, თუ ქონება ნაყიდია კანონის ამოქმედებამდე;
  • უცხოელის საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ, რომელიც ვერ შეასრულებს საინვესტიციო ვალდებულებას, გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ წელში უნდა გაასხვისოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი;
  • გაუსხვისებლად დატოვების შემთხვევაში ქონება სახელმწიფოს საკუთრება ხდება.

მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება

  • დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პირობით უზრუნველყოფის მიზნით უცხეოლზე, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ კომპანიაზე, ან იმ კომპანიაზე გადასვლა, რომლის 50 პროცენტზე მეტი საქართველოს მოქალაქეს არ ეკუთვნის.