"მე ვფიქრობ რომ, როცა პოლიტიკურად სენსიტიური პერიოდია, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის ინსტიტუტისთვის შეიძლება საზიანო ყოფილიყო", — ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი მარიამ ჯაში ნიკა მელიას პატიმრობის ნებართვაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს.

ის ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნების არსებობის დროს, ნიკა მელია ადგილზე უნდა დაეკავებინათ.

"ამ გადაწყვეტილებით მინიმალური წვლილი შევიტანე პარლამენტის ინსტიტუციის პატივისცემაში, თუ არსებობს დანაშაულის ნიშნები და კადრებს პირდაპირ ვაკვირდებოდით უმჯობესი იქნებოდა ადგილზე დაკავება", — განაცხადა მან.

დეპუტატის თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის ხმის მიცემაში მონაწილეობა 2 პირის თხოვნით არ მიიღო.

"2008 წლის ომში დაღუპული გმირის დედა დამიკავშირდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ყველაზე დიდი საფუძველი ჰქონდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აგვისტოს ტრაგედიის შემდგომ, მაინც მისი თხოვნა იყო მიმტევებლობა. ასევე ჩემი ოჯახი, 15 წლის წინ 2004 წელს რეპრესიების ფონზე დავკარგე მეუღლე და ერთადერთი შვილის დაკარგვის შემდგომაც ჩემი მეუღლის დედის პოზიციაც არის, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება კონსოლიდაცია", — განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საქართველოს პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, რომ ნიკა მელია დაიჭირონ. მარიამ ჯაშმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ქართული ოცნების დეპუტატმა რომან კაკულიამ და პატრიოტთა ალიანსიდან მირიან წიკლაურმა კი ხმის მიცემის დროს თავი შეიკავეს.