მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისს აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, წერს, რომ ერთ თვალში მხედველობა აქვს დაკარგული და არ აღდგება. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

"მეგობრებო, სამკურნალოდ აქ [ევროპაში] წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ თვალახელილი ჩამოვალ ან კიდევ უფრო სისულელე, თვალს გადავინერგავ. სროლის შემდეგ ჩემს თვალში არაფერი არ დარჩა, ყველაფერი იქცა ნ ა ფ ლ ე თ ე ბ ა დ! გუგა, ბადურა, სკლერა, პიგმენტი, არაფერი არაა დარჩენილი, გარდა კუნთებისა, რომლებმაც თუ იმუშავა, ჩავისვავ ხელოვნურ თვალს, რომელსაც იგივე ფენოტიპი ექნება, რაც მეორე თვალს და იმ კუნთების დახმარებით შევძლებ ვამოძრავო. გადარჩა ასევე ქვედა ქუთუთო და ასევე "ააწყვეს" ზედა ქუთუთოც, რომლის უჯრედები ან განაგრძობენ მუშაობას ან არა", — წერს მაკო გომური.

მისივე თქმით, სამშაბათს აქვს კიდევ ერთი ოპერაცია, რომელზეც გამყოფი ლინზა უნდა ჩაუსვან, რათა ზედა ქუთათო არ შეუხორცდეს შიდა ნაწილს.

"უბრალოდ, აქ გავდივარ კონსულტაციებს, სწორად მიდის თუ არა მკურნალობა. 4 კვირიდან 6 კვირა (ან შეიძლება მეტიც) სჭირდება თვალს, რომ აღდგეს, დაიბრუნოს ფორმა, შეხორცდეს ჭრილიბები, შემდეგ ვიფიქრებთ ხელოვნურ თვალზე. მაგრამ თვალის გადანერგვა ჩემი ნახევართვალასთვის ამ ეტაპზე არის შეუძლებელი! ერთ თვალში მხედველობა არის დაკარგული და არ აღდგება!" — აღნიშნავს ის.

20 ივნისის აქცია

რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა პარლამენტის წინ. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას.

აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.