ქარელის ვიცე-მერი, ნუგზარ დაბრუნდაშვილი ამბობს, რომ ძამას ხეობის სოფელ გვერძინეთს იქ ჩასახლებული აჭარლები ტოვებენ. ამის მიზეზად ვიცე-მერმა სასულიერი პირების მხრიდან მათი რელიგიური ნიშნით შევიწროება დაასახელა.

Qartli.ge-ს გადაცემა ქართლის სტუდიაში დაბრუნდაშვილმა თქვა, რომ ეს მოსახლეობა 90-იან წლებში ჯავახეთში ჩაასახლეს. თუმცა, მძიმე ეკოლოგიური პირობების გამო მათ იქაურობა დაიცალეს და ძამას ხეობის ორი სოფელი დაიკავეს.

"ძალიან კარგად მიიღეს ადგილობრივებმა, ხელისუფლებამაც, საარჩევნო სიებშიც შეიყვანეს, ცხოვრობდნენ დღემდე, მაგრამ ბოლო წლებში დაიწყეს უკან წასვლა... სასულიერო პირებმა შეავიწროვეს, ძალიან. მოგეხსენებათ, რომ ძამას ხეობა სავსეა ეკლესია-მონასტრებით. ცუდი მიდგომის გამო მოხდა ეს... არაქრისტიანი ქართველები რელიგიური ნიშნით შეავიწროვეს და არამარტო რელიგიური ნიშნით", — ამბობს ვიცე-მერი.

ჟურნალისტის კითხვაზე, იცავს თუ არა სახელმწიფო მათ უფლებებს, დაბრუნდაშვილმა თქვა, რომ "თუ ჩაერია კი, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად არალეგალურად ხდება".

"წავიდა მოსახლეობა, აიკრიფა გუდა-ნაბადი და წავიდა... სკოლა დატვირთული გვქონდა და ამჟამად 11 ბავშვი დადის, ადრე 60 ბავშვი დადიოდა", — თქვა დაბრუნდაშვილმა.