20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობამ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირა.

დადგენილება ათი პუნქტისგან შედგება და მასში ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუციური წესწყობილების დაცვა და პატივისცემა საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. პროექტში ასევე წერია, რომ ხელისუფლებამ 20-21 ივნისს დაიცვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

აქვე ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად უნდა განიხილონ, რაც "დადასტურდა კიდეც 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებით".

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, დადგენილების პროექტის შემუშავება განაპირობა არსებული ვითარების პოლიტიკური შეფასების აუცილებლობამ.

"სახეზეა პროცესების რადიკალიზაციის და დაპირისპირების მუხტის პოლიტიკური პლატფორმიდან საზოგადოებაში გავრცელების აშკარა ნიშნები, რაც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის ინტერესს უპირისპირდება", — განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი განცხადებით, მოცემული დადგენილება ხაზს უსვამს "პრინციპულ მიდგომებს, რომელიც გააჩნია საპარლამენტო უმრავლესობას".

დადგენილების პროექტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტი, ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას და მის ძირითად პრინციპებს, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, აცხადებს, რომ:

  • საქართველოს კონსტიტუციური წესწყობილების დაცვა და პატივისცემა საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია;
  • ხელისუფლების მიერ აზრის, მისი მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი;
  • ხელისუფლებამ 2019 წლის 20 და 21 ივნისს მაქსიმალურად უზრუნველყო აზრის გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება;
  • ცალკეული პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების მიერ მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის საბაბად გამოყენება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული აქტის განსახორციელებლად, უხეშად ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივ, ისე, პოლიტიკის მორალურ პრინციპებს;
  • აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც მას წინ უსწრებს ცალკეული პოლიტიკოსების სისტემატური საჯარო მოწოდებები ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის შესახებ;
  • საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად უნდა იქნეს განხილული საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სახელმწიფო მმართველობის სისტემის ცენტრალური ორგანოს - საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რომელიც წარმოშობს უშუალო საშიშროებას, როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი, ისე ცალკეული მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის, რაც დადასტურდა კიდეც 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებით;
  • ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნის სახელმწიფო, საზოგადოებრივ და მოქალაქეთა უსაფრთხოებას, საჭიროებს სათანადო რეაგირებასა და გამოძიებას სახელმწიფოს მხრიდან, სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად;
    ძალადობრივი ქმედებების და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საპასუხოდ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური;
  • ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის დროს სამართალდამცავთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების შემთხვევები აუცილებლად მოითხოვს ხელისუფლებისგან სათანადო რეაგირებას;
    მისასალმებელია საქართველოს სახალხო დამცველის მონაწილეობა მიმდინარე გამოძიების პროცესში, რაც მის გამჭვირვალობასა და სანდოობას შეუწყობს ხელს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს, განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართოს 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად, კერძოდ, ყოველმხრივ, სრულად, დროულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს:

  • საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის ფაქტი, მასთან დაკავშირებული ძალადობრივი ქმედებები და გამოავლინოს ორგანიზატორები და მონაწილეები;
  • სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, მათ მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო შემთხვევები და გამოავლინოს შესაბამისი პირები.

მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიიჩნევს ზემოაღნიშნული გამოძიების დროულად დასრულებას და გამოძიების შედეგების გათვალისწინებით, 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ შეფასებას.

20 ივნისის აქცია

მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.

გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.

სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ასევე პროკურატურამ 20 ივნისის აქციაზე გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლითაც დაიწყო. 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტის წინ დღეს, 5 ივლისს მეთექვსმეტე აქციას #სირცხვილიას გამართავენ.