მსახიობი რენე ზელვეგერი ახალ ფილმში Judy თამაშობს, სადაც ჯუდი გარლანდის როლს მოირგებს და მისი რთული კარიერის შესახებ მოგვიყვება. ტრეილერში ვხედავთ, რომ მთავარი გმირი ემოციურ და ფინანსურ სირთულეებს ებრძვის.

Judy სამყაროს გარლანდის თვალით გვაჩვენებს, მას შემდეგ, რაც 30 წელი გავიდა მისი ვარსკვლავური როლიდან, რომელიც The Wizard of Oz-ში ითამაშა. ფილმში მოქმედება სამოციან წლებში ხდება, გარლანდის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

პირველ ტრეილერში ვხედავთ, რომ გარლანდი სასტუმროში ორ შვილთან ერთად შედის და აღმოაჩენს, რომ ნომრიდან გამოუშვეს, რადგანაც მის ანგარიშზე ვალებია. სახლის და მენეჯერის დაკარგვის შემდეგ, გარლანდს სამსახურს ლონდონში სთავაზობენ, თუმცა თანხმობის შემთხვევაში შვილების ამერიკაში დატოვება მოუწევს.

"იმას ამბობ, რომ თუ შვილებთან ერთად ყოფნა მინდა ისინი უნდა დავტოვო იმისთვის, რომ მათთან ყოფნისთვის სამყოფი ფული ვიშოვო?" — კითხულობს მთავარი გმირი.

ტრეილერში ასევე ვეცნობით გარლანდისა და მომავალში უკვე მისი მეხუთე ქმრის მაიკ დინსის ურთიერთობას. მასში ასევე ვხედავთ ჯუდის ექიმთან ვიზიტს, სადაც მთავარ გმირს ურჩევენ, რომ დეპრესიასთან საბრძოლველად რამე მიიღოს.

ფილმის რეჟისორი რობერტ გულდია, ფილმის პრემიერა კი 27 სექტემბერს არის დაგეგმილი.