ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ჟან-კლოდ იუნკერი ურსულა ფონ დერ ლეიენმა შეცვალა. გერმანელ პოლიტიკოს ასარჩევად 747-დან 374 ხმის მოპოვება სჭირდებოდა. შედეგად, ურსულა ფონ დერ ლეიენს მხარი 383 წევრმა დაუჭირა. მის წინააღდეგ კი 327-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერლეიენი გაერთიანების ისტორიაში ევროკომისიის პირველი ქალი ხელმძღვანელია. ურსულა ფონ დერ ლეიენი 2013 წლიდან იკავებს გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტს. ის პირველი ქალია გერმანიის ისტორიაში, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დაიკავა.

ფონ დერ ლეიენი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ფავორიტად არის მიჩნეული და მას მერკელის შემდეგ კანცლერის პოსტის დაკავებას უწინასწარმეტყველებდნენ.

მან პოლიტიკური ცხოვრება 43 წლის ასაკში მერკელის კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრად დაიწყო.

2005 წელს ის ანგელა მერკელმა საოჯახო საქმეთა, ქალთა და ახალგაზრდულ საკითხთა ფედერალურ მინისტრად დანიშნა. 4 წლის შემდეგ, აირჩიეს ბუნდესტაგის, გერმანიის ფედერალური პარლამენტის, წევრად. 2013 წლამდე იკავებდა გერმანიის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური მინისტრის თანამდებობას.