ბოლო 31 დღე საქართველოში სირცხვილის თვედ იქცა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მთავრობამ რუსი დეპუტატის პარლამენტში მიწვევით შეირცხვინა თავი. ხალხს პარლამენტის თავმჯდომარის შერცხვა; ხელისუფლებას პროტესტის ფორმის; დაშლილ დემონსტრაციას ძალადობის; მთავრობას ოპოზიციის; ოპოზიციას მთავრობის; სტუდენტებს პოლიტიკოსების; ბოტებს სამოქალაქო აქტივისტების; პუტინისტურ ძალებს ახალგაზრდების. საერთო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ სხვადასხვა ძალას ერთმანეთის ქცევა სამარცხვინოდ მიაჩნდა და ღიად, თუ დაფარულად სიტუაციას უფრო სამარცხვინოს ხდიდა.

ამ ყველაფრის ფონზე მიმდინარეობდა აქციები, სადაც ათასობით ადამიანი შს მინისტრს უმეორებდა, რომ მისი პოსტზე ყოფნა ისევე, როგორც 20 ივნისის ღამეს გაცემული ბრძანება #სირცხვილია.

გავიხსენოთ, როგორ დაიწყო საქართველოში უწყვეტი სამოქალაქო პროტესტი; როგორ ჩადგნენ ახალგაზრდები ქვეყნის სამსახურში და როგორ ცხოვრობდა ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი — რუსთაველის გამზირი, რომელსაც ყველაფერი უნახავს, მაგრამ ასე ხანგრძლივად "შერცხვენილი" იშვიათად ყოფილა.

"გავრილოვის დღე"

20-21 ივნისის მოვლენებს სამოქალაქო მოძრაობებმა უკვე უწოდეს "გავრილოვის ღამე", თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ დღისითაც ქვეყანა რუსი კომუნისტი პოლიტიკოსის ირგვლივ ტრიალებდა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი

რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, მართალია, საპროტესტო აქციის ფონზე, მაგრამ მაინც პატივით შევიდა პრეზიდენტის ცერემონიების სასახლეში, სადაც მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პოზირებდა. შემდეგ ის ასეთივე პატივით შეაბრძანეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. გათამამებულმა გავრილოვმა გადაწყვიტა, პარლამენტის თავმჯდომარის სკამიც მოერგო და რუსულად ესაუბრა.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა გავრილოვს ტრიბუნა წაართვეს, სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შიგნით და გარეთ შეკრება დაიწყეს და ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვეს.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა აღიარეს, რომ მომხდარი "მძიმე სანახავი" იყო და გავრილოვი პარლამენტიდან სასტუმროში გადაიყვანეს. რუს დეპუტატს პროტესტმა იქაც მიაკითხა და საბოლოოდ, გაძლიერებული დაცვით მოუწია ქვეყნის დატოვება.

"გავრილოვის ღამე"

დღის განმავლობაში თბილისში პროტესტმა რამდენიმე ადგილას იფეთქა. თითქმის ყველგან ჟღერდებოდა პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დადგომის მოთხოვნა, რასაც ირაკლი კობახიძე არასერიოზულს უწოდებდა, გუნდი კი მხარს უჭერდა.

დღის ბოლოს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები პარლამენტის წინ ერთად იდგნენ და ხელისუფლებას პასუხებს სთხოვდნენ ქვეყნისა და მათი ღირსების შერცხვენის გამო. საღამოს აქციაზე სიტუაცია დაიძაბა, 10 საათის შემდეგ კი უკონტროლო გახდა. მთავრობა ამბობს, რომ ამის მიზეზი ოპოზიციის ლიდერების მოწოდებები გახდა პარლამენტის აღების შესახებ. აღნიშნულს ოპოზიცია უარყოფს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიანი მიტინგი დაარბია.

სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად, რასაც შემდგომში მმართველმა გუნდმა მოგერიება უწოდეს, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა. თუმცა, პროტესტი არ შეწყდა და დილამდე გაგრძელდა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

მომხდარში დამნაშავე გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ფაქტი კი ისაა, რომ ასეულობით ადამიანი დაშავდა. სამართალდამცავების ნაწილი დამიზნებით ესროდა დემონსტრანტებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.

სირცხვილის დილა

დედაქალაქი მეორე დღეს 240 დაშავებულით, 305 დაკავებულით, დაკარგული თვალებით, სისხლიანი პარლამენტის ეზოთი და ცენტრალური ქუჩების დაზიანებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. როცა მოსახლეობამ გაიღვიძა და გაიგო, რა ხდებოდა, ქუჩებში ჯერ კიდევ იდგნენ სპეცრაზმელები.

ამ დროს #სირცხვილის ახალი ტალღა წამოვიდა.

ხელისუფლებამ რიტორიკა შეცვალა. ქართულმა ოცნებამ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას იღებს, ამიტომ ირაკლი კობახიძე გადადგა.

ამან საპროტესტო მუხტი ვერ შეასუსტა. ქალაქში რამდენიმე აქცია დაიგეგმა. ოკუპაციისა და აქციის დაშლის გასაპროტესტებლად სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ისევ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომამ, დაკავებულების გათავისუფლებამ და 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვის მოთხოვნებმა შეცვალა.

შეკრებილები ხმამაღლა სკანდირებდნენ, რომ სამართალდამცავების მხრიდან გამოყენებული ძალა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სირცხვილია და ამაზე მინისტრმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

მომხდარს სამარცხვინოდ მიიჩნევდნენ სტუდენტებიც, თუმცა, უფრო მეტად პოლიტიკოსებთან დგომა ესირცხვილებოდათ, ამიტომ ოკუპაცია და "გავრილოვის ღამე" თსუ-ს ეზოში გააპროტესტეს უზარმაზარი ბანერით, რომელსაც ეწერა "უარი მთელ პოლიტიკურ ელიტას".

ამავე დღეს საპროტესტო აქცია გამართეს მედიის სფეროს წარმომადგენლებმა, რომლებიც დაშლისას 34 ჟურნალისტის დაშავებას აპროტესტებდნენ.

ამ ყველაფრის პარალელურად, შსს-მ გამოძიება დაიწყო ჯგუფური ძალადობის მუხლით. მოგვიანებით გამოძიებას სახელმწიფო გადატრიალების მცელობის მუხლი დაემატა.

სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებამ, რომელმაც თბილისში განვითარებული მოვლენების გამო საკუთარი მოქალაქეები დასაჯა და საქართველოსთან ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერა.

ქვეყნის სამსახურში

მოლოდინების მიუხედავად, პროტესტი არ მინელდა. მომდევნო დღეები რუსთაველზე ათასობით ადამიანი იკრიბებოდა და უცვლელად იმეორებდა მოთხოვნებს. ყოველდღიურ რეჟიმში რუსთაველზე შეკრებას მათ ქვეყნის სამსახურში ყოფნა უწოდეს.

ფოტო: Tornike Ziziashvili

ქვეყნის სამსახურში აქტივისტებთან ერთად ჩადგა საზოგადოების დიდი ნაწილი და ქართული ბიზნესიც. პუტინის ტურისტული ემბარგოს პასუხად დაიწყო კამპანია #SpendYourSummerInGeorgia. ბიზნესის ნაწილმა კი "ოკუპაციის გადასახადი დააწესა" სანქციების გასაპროტესტებლად.

აქციაზე დაზარალებულებს სოლიდარობას უცხადებდნენ სპორტსმენები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. საქართველოს კი მხარდაჭერა გამოუცხადეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმაც, მათ შორის პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა.

პარალელურად, რუსთაველზე პროტესტი გრძელდებოდა. ჩნდებოდა უამრავი კითხვა და ბრალდება იმაზე, რომ პროტესტი პოლიტიკურად იყო მართული. აქციის ორგანიზატორები არ უარყოფდნენ, რომ აქცია პოლიტიკურია, რადგან მინისტრის გადადგომის მოთხოვნა აქვს. არავინ მალავდა იმასაც, რომ #სირცხვილიას პოლიტიკოსები უჭერდნენ მხარს და ესწრებოდნენ. ისინი იყენებდნენ თავისუფალ ტრიბუნასაც, თუმცა, აქციას ორგანიზებას სამოქალაქო აქტივისტები უწევდნენ.

მეოთხე დღეს აქციაზე მსვლელობა დაიგეგმა. ათასობით ადამიანი მშვიდობიანი პროტესტით კანცელარიისკენ დაიძრა და მოთხოვნები მთავრობას უფრო ახლოდან "გააგონა".

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

მეხუთე დღეს მმართველ გუნდს კიდევ ერთ დათმობაზე მოუწია წასვლა. პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ 2020 წელს არჩევნებს პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩაატარებდნენ. ამით აქცია #სირცხვილიას ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ამ გადაწყვეტილებასთან ერთად სახელისუფლებო გუნდში გაჩნდა მოლოდინები, რომ აქცია დაიშლებოდა, თუმცა, უშედეგოდ. იმავე დღეს, აქტივისტებმა სამანქანო მსვლელობა გამართეს, "მთავრობას დაუსიგნალეს" და შს მინისტრს უწყებაში მიაკითხეს.

საღამოს აქცია 2 მოთხოვნით განახლდა: შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და დაკავებულების გათავისუფლება.

ამ აქციაზე შს მინისტრი არ გამოჩენილა და ბოდიში არ მოუხდია. მის ნაცვლად გამოჩნდა ბიუსტი, რომელიც ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში "იბოდიშებდა". გახარიას ბიუსტს ცალი თვალი აუხვიეს და სიმბოლურად შეღებეს.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ამავე საღამოს აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტს "ალყა შემოარტყეს" და ხელისუფლებას შეახსენეს, რომ საკანონმდებლო ორგანო ხალხს ეკუთვნის.

პროტესტის მეექვსე დღეს პროკურატურამ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას პატიმრობა მოითხოვა. ამისთვის პროცედურით დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება იყო საჭირო, რაზეც პარლამენტმა იმსჯელა და პროკურატურას პატიმრობის ნებართვა მისცა. თუმცა, სასამართლომ მელია გირაოსა და სპეციალური ღონისძიების პირობით გაათავისუფლა. უწყება მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რეპრესიების დაწყებაზე საუბრობდნენ. რუსთაველზე კი სამოქალაქო პროტესტი არ წყდებოდა, ყოველდღიურად ძლიერდებოდა და მსოფლიოს მასშტაბით იძენდა მხარდამჭერებს. აქციას უერთდებოდნენ ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქალაქებიდან.

#სირცხვილიას მონაწილეებმა სხვადასხვა სიმბოლოებით დაიწყეს პროტესტის გამოხატვა. მაგალითად, მეშვიდე დღეს მათ თვალზე წითელი ნაჭერი აიხვიეს და ასე შეასრულეს საქართველოს ჰიმნი.

ფრაზა "ნუ გვაბრმავებ" და ცალ თვალზე აფარებული ხელი კი ამ პროტესტის სიმბოლოდ იქცა.

მერვე დღეს ცნობილი გახდა, რომ დაკავებულებმა საპატიმრო დაწესებულებები დატოვეს. აქცია ერთადერთი მოთხოვნით, შს მინისტრის გადადგომით, გაგრძელდა.

ამ დღეს #სირცხვილიამ ბიძინა ივანიშვილს ბიზნესცენტრში მიაკითხა. აქტივისტების თქმით, "ქვეყნის რეალურ მმართველს" შეახსენეს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით "ვერ გამოძვრებოდა" და "კიდევ ერთი ბარტყი, გიორგი გახარიაც უნდა გადაეგდო ბუდიდან".

მათ ივანიშვილს ყვითელი ბარათები უჩვენეს და გააფრთხილეს, რომ თუ დროულად არ მიიღებდა სწორ გადაწყვეტილებას, ისევ დაბრუნდებოდნენ.

აქციის უწყვეტობასთან ერთად გაიზარდა საზოგადოების ნაწილის კრიტიკა, პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერდების და ტროლების შავი კამპანია და ძალადობრივი ჯგუფების აქტიურობა.

თუმცა, #სირცხვილიას არც მათი და არც ამინდის წინააღმდეგობა უშლიდა ხელს პროტესტის გამოხატვაში. პარლამენტთან წვიმაშიც იკრიბებოდნენ და ჟუჟუნა წვიმას მღეროდნენ იმის ნიშნად, რომ პროტესტს ვერაფერი შეაჩერებდა.

თავისუფლების მარში

მეათე დღეს თავისუფლების მარში გაიმართა. ათასობით ადამინმა რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ევროკავშირის, ნატოს, საქართველოს დროშებით, ანტიოკუპაციური ბანერებით ჩაიარა და მსოფლიოსა და საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გააგონა ბოლო მოთხოვნა: შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

მარშის შემდეგ აქცია, ტრადიციულად, პარლამენტთან გაგრძელდა, სადაც #სირცხვილიას მხარდასაჭერად ცნობილი ქართველი მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი მივიდა და გია ყანჩელის სიმღერა "ჰერიო ბიჭებო" შეასრულა.

აქციის დასასრულს კი რუსთაველზე ბანერი გაშალეს ერთადერთი მესიჯით: წადი.

ფოტო: ფოტო ვიდეოდან / TV პირველი

აქციას სოლიდარობას სულ უფრო მეტი ცნობილი ადამიანი უცხადებდა. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში თვალზე ხელაფარებულ ფოტოებსა და მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდნენ. მათი ნაწილი კი ტრიბუნასთან იდგა და პროტესტს მოწოდებებით აძლიერებდა. მათ შორის იყვნენ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობები, კომპოზიტორი გია ყანჩელი, მომღერალი ნინო ქათამაძე და სხვები.

ქათამაძემ რუსეთში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ოკუპანტ ქვეყანაში ჩადიოდა და პირობა დადო, რომ რუსეთში აღარასდროს იმღერებდა.

აქციების მე-12 დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები სასტუმრო მერიოტთან შეიკრიბნენ და უცხოელ კოლეგებს, ადგილობრივ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმა წარუდგინეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებს "სირცხვილის დერეფანში" მოუწიათ გავლა. #სირცხვილიას აქტივისტები მათ ანტიოკუპაციური ბანერებით და ცალ თვალზე აფარებული ხელით დახვდნენ და კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ 20-21 ივნისის ღამეს დაშვებულ შეცდომებს არ აპატიებდნენ.

საღამოს კი, ტრადიციულად, პარლამენტთან შეიკრიბნენ და ისევ გაიმეორეს, რომ არც დანებებას და არც მოთხოვნის შეცვლას აპირებდნენ.

პროტესტი რუსთაველზე ყოველდღიურად იცვლიდა გამოხატვის ფორმებს. ტარდებოდა პერფორმანსები, იწერებოდა სიმღერები, მზადდებოდა საპროტესტო მაისურები და სტიკერები. იმართებოდა პარტიზანული აქციები ყველგან, სადაც მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ.

მე-13 დღეს აქციაზე გამოჩნდა მუმია, რომელიც ხალხს იარაღს უმიზნებდა. აქტივისტებმა მუმია წითლად შეღებეს, როგორც "სისხლიანი და გახრწნილი ხელისუფლების" სიმბოლო.

მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ

მე-15 დღეს რუსთაველზე ათეულობით მომღერალი შეიკრიბა. სხვადასხვა ჟანრის და თაობის წარმომადგენლები ერთი სცენიდან აპროტესტებდნენ ოკუპაციას.

ამ სცენიდან შეგეძლოთ მოგესმინათ ცნობილი სიმღერა "პუტინ ხუილო".

ასევე, თამრიკო ჭოხონელიძისა და მისი შვილიშვილების შესრულებული "სხვა საქართველო სად არის".

#სირცხვილიას მე-17 დღეს აქტივისტებმა იფიქრეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირველ ვიზიტზე კარგად ვერ გაიგო მათი სათქმელი, ამიტომ მეორედ ეწვივნენ სტუმრად.

ივანიშვილის რეზიდენციასთან, ტრადიციულად შესრულდა საქართველოს ჰიმნი. "ეს იმისთვის, რომ ივანიშვილმა იცოდეს, რომელ ქვეყანას უნდა ემსახუროს" — განმარტეს ორგანიზატორებმა. ასევე, ტრადიციულად, გაჟღერდა ევროკავშირის ჰიმნიც. "ეს იმისთვის, რომ იცოდეს სად გვინდა ცხოვრება" — ამბობდნენ ისინი.

წამოსვლის წინ აქტივისტებმა ივანიშვილს "ხმაური დაუტოვეს", რომელიც მათ მომდევნო ასვლამდე "უნდა ესმოდეს".

#სირცხვილიას მე-18 დღეს ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო აირია, მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს აგინა. გაბუნიას საქციელს საზოგადოების პროტესტთან და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკასთან ერთად ხელისუფლების მხრიდან "დაგმობა" მოჰყვა.

ხელისუფლების რიტორიკით ისარგებლეს რუსეთში. ვლადიმერ პუტინმა იმის მტკიცება დაიწყო, რომ ქართველ ხალხს დიდ პატივს სცემს და ამის გამო სანქციებს არ დააწესებს. ისიც კი აღნიშნა, რომ გაბუნიას წინააღმდეგ საქმის აღძვრის მომხრე არ არის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინის ამ განცხადებას მიესალმებოდა, რუსეთის საგარეო უწყებამ კი საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტის საქციელზე მკაცრი რეაგირება მოუწონა. თუმცა, მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა ოსების გენოციდსა და აფხაზეთის ოკუპაციაში დაგვადანაშაულა და ქართულ საგარეო უწყებას ამ სიტყვების უარყოფა მოუწია.

ამ მოვლენებამდე კი რუს და ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად რუსთავი 2-ს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფებიც ებრძოდნენ, რომლებმაც არხის შენობასთან საპროტესტო აქცია იმავე ღამეს გამართეს. იმის გარდა, რომ გაბუნია და არხი ქვეყნის მტრებად შერაცხეს, აქციაზე ისმოდა შს მინისტრის მხარდამჭერი მოწოდებებიც.

აქცია, კონტრაქცია და თბილისი პრაიდი — სირცხვილია 19.0

ეს პირები ქართულ მარშთან, ლევან ვასაძის სახალხო რაზმის წევრებთან და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან, ასევე, სხვა ჰომოფობიურ ჯგუფებთან ერთად მეორე დღეს რუსთაველზე შეიკრიბნენ და აქცია #სირცხვილიას ადგილი მოპარეს. შეკრებილები არ მალავდნენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და ოკუპაციის გაპროტესტება მათთვის პრიორიტეტი არ არის. პირიქით, ამ მოთხოვნით გამართულ აქციასა და მათ ორგანიზატორებს ლანძღავდნენ და დესტაბილიზაციაში ადანაშაულებდნენ. მათ მხარდამჭერებს კი ტრიბუნიდან აგდებდნენ ან ბოთლებს უშენდნენ და აგინებდნენ.

#სირცხვილიას წევრებმა პარლამენტთან შეკრება ვერ შეძლეს. პოლიციამ გზა, ტრადიციულად, ყვითელი ავტობუსებით და სამართალდამცავების კორდონით ჩახერგა, ორგანიზატორებს კი უთხრა, რომ თუ პარლამენტთან მისვლას შეეცდებოდნენ პასუხისმგებლობა მომხდარზე მათ დაეკისრებოდათ.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

#სირცხვილიას წევრები ავტობუსებს მიღმა დარჩნენ, ორგანიზატორების ნაწილი კი პარლამენტის წინ, ჯებირებსა და პოლიციის კორდონს უკან. ისინი ტერიტორიის დატოვებას და ჰომოფობიური ჯგუფებისთვის დათმობას არ აპირებდნენ, ამიტომ მთელი დღე გინებისა და ბოთლების სროლის ატანა მოუწიათ. ამის მიუხედავად არაერთხელ სცადეს ტრიბუნაზე ასვლა, სკანდირებდნენ საქართველოს და აჟღერებდნენ ანტიოკუპაციურ გზავნილებს.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

#სირცხვილიას ორგანიზატორების ყოველი გამოსვლა კონტრაქციაზე აგრესიას იწვევდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ორგანიზატორები ლგბტ პირები იყვნენ და პრაიდის მოწყობა სურდათ. ამ დროს კი პრაიდის რეალურმა ორგანიზატორებმა მათ თავზე ლგბტ დროშა გადააფრინეს და რამდენიმე საათში ღირსების მარშიც ჩაატარეს.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

ამის შესახებ ჰომოფობიურ აქციაზე გაიგეს და "100 რჩეული ვაჟკაცი" გაგზავნეს პრაიდის ჩასაშლელად, თუმცა, ადგილზე მისულებს არავინ დახვდათ და ხელმოცარულები დაბრუნდნენ უკან.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

კონტრაქცია რამდენიმე საათი მიმდინარეობდა, მოხდა არაერთი დაპირისპირება, შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებსაც. საბოლოოდ, ამ აქციის მონაწილეებმა თავისივე ლიდერებთან იკამათეს, რადგან დაშლა არ სურდათ. როგორც აღნიშნეს, იმის ეშინოდათ, რომ ლგბტ აქტივისტები და ანტიოკუპაციური მოძრაობები, რომლებსაც თავად წაართვეს პროტესტის სივრცე, "მათ ადგილს მიისაკუთრებდნენ".

გვიან ღამით ლიდერებმა აქცია დატოვეს. რამდენიმე ათეული ადამიანი კი ჯიუტად უარს ამბობდა დაშლილიყო, ვიდრე ბარიკადების მეორე მხარეს #სირცხვილიას წევრები იდგნენ. გათენებისას ისინიც დანებდნენ და დაიშალნენ.

სანამ ჰომოფობიურ აქციაზე დარჩენილ ორგანიზატორებს, ლიდერებს და ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ #სირცხვილიას მონაწილეები მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ბარიკადებს მიღმა მყოფებს მიმართავდნენ და გზის გახსნის მოთხოვნით 112-ში რეკავდნენ.

საბოლოოდ, მიზანსაც მიაღწიეს. გზა გაიხსნა, ადგილი დაიბრუნეს და თანამებრძოლებსაც შეუერთდნენ.

მეოცე დღეს #სირცხვილიამ პროტესტის სივრცე დაიბრუნა და დღემდე ინარჩუნებს. ჰომოფობიური ჯგუფები აღარც პარლამენტთან და აღარც რუსთავი 2-თან გამოჩენილან.

21-ე დღეს აქცია ფოტოგრაფებს დაეთმო. უფრო ზუსტად კი მათ ობიექტივში ასახულ 20 დღეს.

რუსთაველზე მავთულხლართები გააბეს და საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლთა ფოტოებიც გააკრეს. მათ გვერდით იმ ადამიანების ფოტოები ჩანდა, რომელიც 20 ივნისის ღამეს სამართალდამცავებმა დააზარალეს.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

22-ე დღეს პროტესტი ისევ გიორგი გახარიას დაეთმო. ამჯერად აქციის მონაწილეები პირდაპირ ეთერში უსმენდნენ მინისტრის ინტერვიუს. გახარია ამტკიცებდა, რომ 20 ივნისს აქცია ძალადობრივი იყო, ცდებოდა გამოხატვის ფორმებს და დაშლა საჭირო იყო. მინისტრი იმეორებდა იმასაც, რომ პროტესტის მონაწილეები დაშლამდე 4-ჯერ გააფრთხილეს. რუსთაველზე შეკრებილებს ისევე, როგორც იმ ღამეს პარლამენტთან მყოფ პირებს მსგავსი არაფერი ახსოვთ.

აქციის 23-ე დღეც მინისტრის ინტერვიუს განხილვას და შეუსაბამობების შეფასებას დაეთმო.

25-ე დღეს #სირცხვილიაზე ფლი მარკეტი მოეწყო. ტერიტორიაზე სტარტაპერები ანტისაოკუპაციო თემატიკის მაისურებს, ჩანთებს, ღვინოებს, სუვენირებსა და სხვადასხვა ნივთს ყიდნენ.

26-ე დღეს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გადაწყვიტა უკიდურესი ზომისთვის მიემართა და პირი ამოეკერა. აქტივისტებმა მისი შეჩერება შეძლეს.

27-ე დღეს აქციამ ფორმატი შეიცვალა და მოწოდებები ცოტა ხნით გადაცემით ჩანაცვლდა. ორგანიზატორებმა, შოთა დიღმელაშვილმა და მიშა მშვილდაძემ ტელეკომპანია მესამეს ეთერში გადაცემა წაიყვანეს, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად პროტესტის მიმდინარეობას და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას განიხილავდნენ.

28-ე დღეს #სირცხვილიას სოლიდარობა "ქართლის დედამაც გამოუცხადა და თვალზე ხელი აიფარა". უფრო ზუსტად, ამ შინაარსის სტენსილი გაჩნდა პარლამენტის მიმდებარედ, მიწისქვეშა გადასასვლელში. თუმცა, საპროტესტო ნახატი მალევე გადაშალეს და ესეც არ იკმარეს. მას შემდეგ, რაც უცნობმა მხატვარმა გადაშლილ ნახატს ახალი სიცოცხლე აჩუქა და ის "სპეცრაზმის მიერ ტყვიებით დატეხა", ეს ნახატიც გადაშალეს.

ამავე დღეს #სირცხვილიას ტრიბუნა მწერლებს დაეთმოთ. აქციაზე კი მინი წიგნის ფესტივალი მოეწყო. რამდენიმე გამომცემლობამ და წიგნის მაღაზიამ პროტესტს მხარდაჭერა გამოუცხადა და გასაყიდად წიგნები გამოიტანა.

აქციის 29-ე დღეს ცნობილი გახდა რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინა. შედეგად არხი ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა. არხის თანამშრომლები და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესზე და თავისუფალ მედიაზე გავლენის დამყარების მცდელობაზე ლაპარაკობდნენ. #სირცხვილიას 29-ე დღის თემაც მედია გახდა.

30-ე დღეს კი #სირცხვილია მშენებლობაზე არასრულწლოვანი მუშის დაღუპვას გამოეხმაურა და აქციაზე შრომით უფლებებზე დისკუსია გაიმართა.

1 თვეა სირცხვილია!

გუშინ, 20 ივლისს ერთი თვე გავიდა იმ დღიდან, როცა ჯერ სერგეი გავრილოვის ვიზიტით და შემდეგ აქციის დაშლით შერცხვა ქვეყანა. ერთი თვის გახდა სამოქალაქო პროტესტიც, რომელიც არ ნებდება და მინისტრის გადადგომას ითხოვს.

ერთთვიანი ლანძღვის და დისკრედიტაციის მიუხედავად რუსთაველზე ისევ შეიკრიბნენ ახალგაზრდები. გზა არ გადაკეტილა, მაგრამ არც იმდენი იყვნენ, რამდენსაც ქართული ოცნების თავმჯდომარე ამტკიცებდა. ივანიშვილის პასუხად, რომელმაც თქვა, რომ აქციას 200 კაცი ესწრებოდა, ორგანიზატორებმა რიგის ნომრები დაურიგეს შეკრებილებს და ოცნების თავმჯდომარეს მიმართეს: "დაგვთვალე!"

აქციაზე სიტყვით გამოსვლებთან ერთად მუსიკალური ნომრებიც იყო.

ორგანიზატორებმა კი განვლილი თვე შეაჯამეს, კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ #სირცხვილია და დანებებას იქამდე არ აპირებენ, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხისმგებლობას არ აიღებს.

სამომავლო გეგმები: ახალი ტელევიზია ქვეყნის სამსახურში

ერთი თვის თავზე გადაწყდა აქციის ფორმატის შეცვლა. ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, პარლამენტის წინ იმპროვიზირებული სტუდია მოეწყობა და ყოველ საღამოს, რვა საათზე, ამ გადაცემის ლაივსტრიმით ხმას მიაწვდენენ იმ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე მისვლას ვერ ახერხებენ.

"გადავწყვიტეთ ხარჯების ოპტიმიზაცია. აქ დგომის ყოველი დღე თანხებთან არის დაკავშირებული. ზაფხულში ამ თანხების უფრო მრავალფეროვნად გამოყენება შეიძლება, ვიდრე მრავალრიცხოვანი აქციების მოწყობა, თუმცა, ჩვენ აქ დგომას გავაგრძელებთ, სანამ არ გადადგება გიორგი გახარია... დაგვჭირდება, რომ ეკრანი ავიღოთ, იმპროვიზებული სტუდია გავაკეთოთ და აქედან ჩაეყრება საფუძველი ახალ მაუწყებლობას, რომელზეც, იმედი გვაქვს, დაშენდება ახალი ტელევიზია", — განაცხადა დიღმელაშვილმა.

სირცხვილის ახალი თვე

დღეს, 21 ივლისს სირცხვილის 32-ე დღეა. ქვეყანაში ისევ ოკუპაციას აპროტესტებენ. საქართველოს პარლამენტის პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები კი რუსეთში ვიზიტით იმყოფებიან და ამტკიცებენ, რომ თბილისში განვითარებული მოვლენები პროვოკაცია და რუს დეპუტატზე თავდასხმა იყო.