ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიმდინარე მთელი მიტინგების პროცესი მისი დაფინანსებული იყო, თუმცა არა თავისი ფულით. კითხვაზე, ვისი ფული იყო, უპასუხა, რომ მას ყოველთვის ჰქონდა საშუალება, რომ მოეზიდა საჭირო თანხები სხვადასხვა საქმეებისთვის, მათ შორის იყო რუსთავი 2-ის წილების ყიდვაც.

"ეს იყო მთელი პოლიტიკური პროცესი და შემდეგ, რაც ხელისუფლებიდან წავედი, გარკვეული ფინანსების მოზიდვის. სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიმდინარე მთელი მიტინგების პროცესი უმეტესწილად დაფინანსებული იყო ჩემს მიერ. ამას ვაკეთებდი არა ჩემი ფულით, არამედ იმ ადამიანების დაჯერებით და დარწმუნებით, რომლებთანაც ნდობა მქონდა და რომლებსაც ამ პროცესის მიმართ ჰქონდათ გარკვეული დაინტერესება და გულგრილები არ იყვნენ. იგივე სახის მეთოდით მოვიზიდე ეს ფული და არამარტო ეს ფული", — აცხადებს ოქრუაშვილი შაბათის კურიერში.

კითხვაზე, მოახდინა თუ არა მან გარკვეული ზეწოლა თანხების მოსაპოვებლად, იმ ადამიანებზე, ვინც ფული გადაიხადა, ოქრუაშვილი პასუხობს:

"ერთი ადამიანი მაინც უნდა გამოჩნდეს, რომელიც იტყვის, რომ "მე ფული მომთხოვეს".

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის რეალური მფლობელი არა ქიბარ ხალვაში, არამედ თვითონაა. გარდა ამისა, ის მზადაა, ტელეკომპანიის "ათამდე მებრძოლ ჟურნალისტს" წილების 80 პროცენტი მისცეს, რათა მათ ხალვაშთან იდავონ.

ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილების დაყადაღების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. მომავალ კვირას კი წილების გადაცემის მოთხოვნით სარჩელის შეტანაც იგეგმება.

ოქრუაშვილის ბრალდებებს უარყოფს ქიბარ ხალვაში. მისი ადვოკატი და ახლა უკვე ტელეკომპანიის დირექტორი, პაატა სალია ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ყალბია და ქიბარ ხალვაშს ხელი არ მოუწერია. ამასთანავე სალია ამტკიცებს, რომ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის რუსთავი 2-ზე შეთანხმება არასდროს ყოფილა.

რუსთავი 2 და სტრასბურგის სასამართლო

სტრასბუგრის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერი, არხზე ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია მივიდა. რუსთავი 2-ის ჟურნალისტები და თანამშრომლები ღიად საუბრობენ, რომ ხელისუფლებას ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა სურს და კომპანიის ერთ დღეში გადაფორმებაც ამის დასტურია.

ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გაათავისუფლა. ცვლილება საჯარო რეესტში ტელეკომპანიის ახალი მფლობელის თხოვნის საფუძველზე აისახა. ამავე დოკუმენტაციით, ქიბარ ხალვაშმა ნიკა გვარამია მისი ადვოკატით, პაატა სალიათი ჩაანაცვლა. მანამდე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრმა რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა და შეხვდა, როგორც ჟურნალისტენს, ისე ფინანსურ დირექტორს.

ქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკა გვარამიას, მისი ადვოკატი პაატა სალია შეცვლის. ნიკა გვარამიას თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს და მის კონტრაქტში არის საკმაოდ სოლიდური გარანტია, რომლის გადახდის გარეშეც მისი გაშვების უფლება არავის აქვს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია და საქართველოს სასამართლოებმა ყველა ინსტანციაზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.

რუსთავი 2 სტრასბურგში რამდენიმე მუხლის დარღვევას დავობდა, ესენია: სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება; გამოხატვის თავისუფლება; უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები; საკუთრების დაცვა. შედეგად, საქმეში რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ არც ერთი ამ მუხლის დარღვევა არ დაადგინა. რუსთავი 2 საქმეს სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი გააუქმა. ეს ის დათქმაა, რომლის მოქმედების გამოც ქიბარ ხალვაშმა 2017 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წილები ვეღარ გადაიფორმა. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ქიბარ ხალვაშს დღესვე შეუძლია წილების გადაფორმება, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია კი თქვა, რომ ტელევიზიას ვერავინ შეეხება იქამდე, სანამ საქმის წარმოება სტრასბურგშიც არ დასრულდება. რუსთავი 2 სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრებას უმაღლეს პალატაში აპირებს.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში 20 თვეში მოიგო. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

2004 წლის ზაფხულში, ხალვაშმა რუსთავი 2-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი ვინმე პაატა კარსანიძისგან. კარსანიძეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი, მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები, ტელევიზიის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.

ხალვაში ტელეკომპანიას ორი წლის მანძილზე მართავდა. 2006 წელს, სააკაშვილსა და ოქრუაშვილის შორის მომხდარი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, მას სხვა ბიზნესებთან ერთად რუსთავი 2-იც ჩამოართვეს. საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები შპს საქართველო და ყარამანიშვილები გახდნენ.

2016-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ, ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა. თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, დვალმა განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ დაბრუნდება და ხელისუფლების მორჩილი, პარტიული ტელევიზიის წილები მას არ აინტერესებს.

რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები, მათი მენეჯმენტი და ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ქიბარ ხალვაში ამჯერადაც ხელისუფლების დავალებით მოქმედებს და მისი მთავარი მიზანი ოპოზიციური ტელეარხის დადუმებაა. საქართველოს მთავრობა სასამართლო დავის დაწყებიდან განაჩენის გამოცხადებამდე, მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ ეს ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარე კერძო ქონებრივი დავა იყო.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-მა სტრასბურგში გაასაჩივრა. ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა.