ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილებთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ არხის დაყადაღებაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ მან ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, სასამართლომ აუწყა, რომ ყადაღის დადების მოთხოვნის შუამდგომლობა სარჩელთან ერთად უნდა შეეტანათ. ახლა ოქრუაშვილი ფიქრობს გაასაჩივროს განჩინება თუ სასამართლოს სარჩელით მიმართოს.

ოქრუაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილების დაყადაღების მოთხოვნით 21 ივლისს მიმართა. მანამდე, სამი დღით ადრე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის მიმართ სახელმწიფოს დარღვევა არ დაუდგინდა.

რუსთავი 2-ის საქმე

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში 20 თვეში მოიგო. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

2004 წლის ზაფხულში ხალვაშმა რუსთავი 2-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი ვინმე პაატა კარსანიძისგან. კარსანიძეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი, მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს კუთვნილი 30-30 პროცენტიანი წილის დათმობა მოუწიათ.

ხალვაში ტელეკომპანიას ორი წლის მანძილზე მართავდა. 2006 წელს, სააკაშვილსა და ოქრუაშვილის შორის მომხდარი ცნობილი დაპირისპირებასთან ერთად მან არხის წილები დათმო . საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები შპს საქართველო და ძმები ყარამანიშვილები გახდნენ.

2016-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა. თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ დვალმა განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ დაბრუნდება და ხელისუფლების მორჩილი, პარტიული ტელევიზიის წილები მას არ აინტერესებს.