ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქართული ოცნებიდან წასულ დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი "უკვე დამღლელია". ამის შესახებ მან დღეს, 22 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. ცქიტიშვილის თქმით, ბესელიას ქმედებები არის მორიგი მცდელობა, იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში:

"დამღლელია ძალიან უკვე ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი და მუდმივად ამის დღის წესრიგში დაყენება. პირველი, რასაც აუცილებლად ვიტყვი არის ის, რომ შესაბამისი პასუხი ამ ყველაფერს გაეცა, ჰქონდა გამოძიებას საშუალება, მასაც ჰქონდა საშუალება, გამოძიებისთვის მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია".

დღეს, 22 ივნისს ეკა ბესელიამ რუსთავი 2-თან საუბარში თქვა, რომ ისევ პასუხგაუცემელია კითხვები, თუ ვინ არის ფარული ვიდეოკადრების ავტორი. ბესელიას განცხადებით, მას აღარ აქვს იმედი, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდება. მისივე ვარაუდით, გამოძიება არ იძვრის, რადგან მისი ფარული კადრების გავრცელება "შორს არ არის მმართველი პარტიისგან".

"პოლიტიკურ ომში როცა შევედი სასამართლოს თემაზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, ეს ფრაზაც მოვისმინე — ვერ დაგიცავთო, გამეცინა, მე არაფერი მჭირდა დასაცავი, მე თვითონ ვიცავდი იმ გუნდს, რომელთან ერთადაც გამოვიარე შვიდი წელი. თუ ამას გულისხმობდნენ და ეს იყო ფორმა, რომელიც უნდა გამევლო, მე შინაგანად და მორალურად მზად ვიყავი, რადგან ესეთი რეპრესიები გავლილი მაქვს წინა წლებში", — თქვა ეკა ბესელიამ.

პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრები სოციალურ ქსელებში არაერთხელ გავრცელდა, მათ შორის, 28 და 31 იანვარს. პირველ იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ვიდეოს ნახვის, მესენჯერში გაგაზავნისა და სხვა ფორმით გავრცელების ბრალდებით 16 ადამიანი დააკავა.

დაკავებულთაგან ერთ-ერთმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და იმ მუხლის გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მას პატიმრობა ემუქრება. ერთი დაკავებული კი აცხადებს, რომ მას ვიდეო არ უნახავს და მესენჯერში დარჩენილი ლინკის გამო პატიმრობა უსამართლოდ ემუქრება.

იმავე პოლიტიკოსის კადრები კიდევ ერთხელ, 26 მარტს გავრცელდა. მაშინ პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ვიდეოს შესახებ უწყება ინფორმირებული არ იყო და მათ თავად აცნობა. მეორე დღეს, 27 მარტს შსს-მ ვიდეოს Youtube-ზე ატვირთვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ფარგლებში სულ 20 პირია დაკავებული. მათგან რამდენიმეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 157-ე¹ პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ინტერნეტში პოლიტიკოსი ქალების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზეა საუბარი. 2016 წლის 11 მარტში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერისა და ყოფილი მინისტრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გავრცელდა. მალევე, 14 მარტს მუქარის შემცველი ვიდეოკადრები გავრცელდა. ვიდეომასალა მოქმედი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ჩანაწერების გავრცელების მუქარას შეიცავდა, თუ ისინი არ დატოვებდნენ თანამდებობებს.