დეპუტატი ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას, "ყველა კომენტარს შორის მდაბიოსა და სამარცხვინოს" უწოდებს. ამის შესახებ იგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

"ეს კომენტარი რომ წავიკითხე თვალებს ვერ დავუჯერე... ვერც წავუყრუე და ვერც "გავატარე". ემოციურად ვწერ ახლა, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა: ასეთი რამ რომც გაიფიქრო, როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა .... ეს იმაზე უარესია რაც გვრიტიშვილმა იკადრა ... რას ნიშნავს ეს სიტყვები ქალ მაია? რისმა მოსმენამ დაგღალათ? ჟურნალისტი რომ კითხვას სვამს რა ხდება ამ საქმეზე და მე რომ პასუხის გაცემა მიწევს? და რომ მიწევს ეს ვისი ბრალია?? და რას გაეცა პასუხი? რა გამოიძიეს? არ გაწუხებთ, იმ მთავრობაში ყოფნა, რომლის დროსაც ასეთი უკანონო ჩანაწერები ვრცელდება?

რას ელოდებით რომ ამ კითხვას როცა დამისვამენ გადავიმალო??? ზუსტად ეს მიზანი ქონდა ვინც ეს დაგეგმა. დღემდე ვინარჩუნებ ეთიკურობას და არ ვსაუბრობ ბევრ რამეზე და მართლა ფიქრობს ვინმე თქვენგან რომ სულ ესაა ყელაფერი???"

დღეს, 22 ივლისს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ქართული ოცნებიდან წასულ დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი "უკვე დამღლელია". ცქიტიშვილის თქმით, ბესელიას ქმედებები არის მორიგი მცდელობა, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში.

დღესვე ეკა ბესელიამ რუსთავი 2-თან საუბარში თქვა, რომ ამდენი ხანი გავიდა და ისევ პასუხგაუცემელია კითხვები, თუ ვინ არის ფარული ვიდეოკადრების ავტორი. ბესელიას განცხადებით, მას აღარ აქვს იმედი, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდება. მისივე ვარაუდით, გამოძიება არ იძვრის, რადგან მისი ფარული კადრების გავრცელება "შორს არ არის მმართველი პარტიისგან".