საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს დაასუბსიდირებს. ამისთვის მთავრობამ 600 ათასამდე ევრო გამოყო. შესაბამის დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მოაწერა. დადგენილება ძალაში დღეს, 24 ივლისს შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, და პირიქით, ბილეთებს მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევროთი დააფინანსებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის განკარგულებაში ცვლილებები შედის. დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულება გაფორმდება ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ტრანზიტულ ფრენებს შეასრულებს.

"სტიმულირების ხელშეკრულების მიზნებისათვის პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებად ითვლება რუსეთის ფედერაცია-ერევანი-ბათუმი-ერევანი-რუსეთის ფედერაცია და ასევე, რუსეთის ფედერაცია-ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებები, თუკი სახეზეა რეგულარული სატრანზიტო ფრენა და ხორციელდება მგზავრების თბილისის ან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით გადაყვანა რუსეთის ნებისმიერი აეროპორტიდან, რომლიდანაც ხდება მოგზაურობის დაწყება (და პირიქით). ერევნის საერთაშორისო აეროპორტი კი გამოიყენება სატრანზიტოდ", — წერია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ავიაკომპანიამ უნდა უზრუნველყოს წლის განმავლობაში ფრენების უწყვეტად, კვირაში, სულ მცირე, ორი სიხშირით შესრულება თითოეულ პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებაზე.

დოკუმენტის თანახმად, ხელშეკრულება გაფორმდება იმ ავიაკომპანიასთან, რომელიც პირველი მიმართავს აეროპორტების გაერთიანებას. ამ დროისთვის, რუსეთიდან ერევნის გავლით სატრანზიტო ფრენებს მხოლოდ ჯორჯიან ეარვეისი ასრულებს.

ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები აუკრძალა. ხოლო, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენები ეკრძალება. ორივე შეზღუდვა 8 ივლისიდან ამოქმედდა.