იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ცირკს ემსგავსება. მოსამართლე წევრმა, თამარ ონიანმა განაცხადა, რომ ჯანეზაშვილი და დოლიძე კონსტიტუციურ ორგანოს "მასხრად იგდებენ".

"ცირკს რომ უწოდებთ პროცესს, და ამ პროცესში სერიოზული სახით რომ სვამთ შეკითხვას, ქალბატონო ნაზი ჯამბაზი არ ხართ? მითხარით ჯამბაზი არ გამოდიხართ? ქალბატონი ანა, [დოლიძე] საერთოდ, თქვენთვის ინსტიტუტის აღქმაც არ არის სერიოზული... მოვიდა აქ ჩუსტებით, დიახ, ამ სიტყვებს სპეციალურად ვამბობ, აქ ჩუსტებით გამოცხადდა საბჭოს სხდომაზე და კონსტიტუციური ორგანო მასხრად აიგდო", — თქვა თამარ ონიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ ჯანეზაშვილის მონაწილეობა ამ პროცესში სიძულვილის გამოხატულებაა.

"მთავარი ტრაგედია რა გჭირთ იცით?! ადამიანი, როგორც მოცემულობა გეზიზღებათ და უფლებების დაცვაზე თქვენ საუბრობთ. სიძულვილის გამოხატულებაა მთელი თქვენი მონაწილეობა ამ პროცესში", — აღნიშნა თამარ ონიანმა.

ჯანეზაშვილმა ონიანის ეს გამოსვლა ეთიკის ნორმების დარღვევად შეაფასა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება.