პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებს ვეტო დღეს, 31 მაისს, დაადო:

"ჩვენი დამოკიდებულების შინაარსი და კითხვის ნიშნები ეხებოდა სასამართლოს ფუნქციონირებას, რამდენად ფუნქციონირებადი იქნებოდა ამ კანონების შედეგად საკონსტიტუციო სასამართლო".

მისი თქმით, აღნიშნული კითხვები, როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისე ვენეციის კომისიასთან განიხილეს:

"მინდა მადლობა ვუთხრა ვენეციის კომისიას, რომ უსწრაფესად, ერთი კვირის ვადაში, მოხერხდა ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და ნათლად გამოვლინდა, რომ ის, რაც ჩვენ გვაწუხებდა, აწუხებს ასევე ვენეციის კომისიასაც და მათთვის ის ფორმულირებები, რომლებიც იყო კანონში დაფიქსირებული, მიუღებელი აღმოჩნდა".

პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ ამიტომ დაიწყეს ვეტოზე მუშაობა. მისი თქმით, პრემიერმინისტრის ბოლოდროინდელი ძალიან კონსტრუქციული პოზიციიდან გამომდინარე, მათ მოახერხეს და იმუშავეს, როგორც კვირიკაშვილთან, ასევე უმრავლესობის საკანონმდებლო გუნდთან ერთადაც:

"პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც აქამდეც გამოხატავდა კითხვის ნიშნებს. ეს ეხება სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების კვორუმის საკითხებს, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა 10 წლიანი ვადის სრულფასოვნად ფუნქციონირებას".

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პრემიერმინისტრთან თანამშრომლობის შედეგად მათი პოზიციები იქნება გაზიარებული, პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები 14 მაისს, მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო.