ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის საქმეზე სექსუალური შევიწროებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საჯაროდ საუბარს შეაფერხებს. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა უგრეხელიძის სარჩელი და ქალს, რომელიც მას შევიწროებაში ადანაშაულებდა გავრცელებული ცნობების ნაწილის მედიით უარყოფა დაავალა.

სასამართლოს დავის საგანი არ ყოფილა სექსუალური შევიწროების დადგენა. უგრეხელიძე ითხოვდა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფას. კერძოდ, სარჩელი ეფუძნებოდა ეკა მესხიძის მიერ სხვადასხვა ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებებს, სადაც იგი სექსუალური შევიწროების ისტორიას ყვებოდა. მათ შორის, მსხვერპლი მასზე განხორციელებულ შევიწროებას აფასებდა როგორც მასზე მომხდარ [ფსიქოლოგიურ] ძალადობას.

"მსხვერპლის მიერ გავრცელებული ცნობების ნაწილი შეიცავდა აზრებსა და შეფასებებს, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. რაც შეეხება ფაქტებს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ეკა მესხიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მსხვერპლს მისი უარყოფა დაავალა. საია მიიჩნევს, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და ქმნის იმის საფრთხეს, რომ მსხვერპლებმა სექსუალური შევიწროებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საჯაროდ არ ისაუბრონ", — წერია საიას განცხადებაში.

საია საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომლის ეკა მესხიძის ინტერესებს იცავდა. მესხიძე სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ივანიშვილის" სასამართლოსგან არ უკვირს. მისი თქმით, ბრძოლას აგრძელებს.

უგრეხელიძის საქმეზე სახალხო დამცველს სექსუალური შევიწროება აქვს დადგენილი. ეკა მესხიძე ამბობდა, რომ საჯარო რეესტრში მუშაობის პერიოდში, ყოველდღიურად უწევდა უგრეხელიძისაგან დამცირებისა და შეურაცხყოფის ატანა. მისი თქმით, სიტუაციის გამწვავება არ სურდა და ამიტომ ითმენდა. მისივე თქმით, დუმილის დარღვევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საჯარო რეესტრში დაკავებული თანამდებობდა დატოვა და ახალ სამსახურში პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან მუქარისა და ღირსების შემლახავი განცხადებები გაგრძელდა. უგრეხელიძემ სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის 27 მარტს დატოვა, სასამართლოში კი 14 ივნისს იჩივლა.