სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერი მომღერლები, ნინი ქარსელაძე და მარიკა თხელიძე ბორჯომში ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტზე იმღერებენ. მათ გარდა, "ბორჯომობა 2019-ზე", რომელიც 17 აგვისტოს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ გიგი ადამაშვილი, დათო გომართელი და ზვიად ბოლქვაძე. მათთვის ჰონორარის სახით, ჯამში, 14 350 ლარია გათვალისწინებული.

ბორჯომის მერი, ლევან ლიპარტია ამბობს, რომ "ბორჯომობის" კონცერტზე გამომსვლელი მომღერლები მას და ბორჯომელებს მოსწონთ.

"ყველას მოსწონს, ვისთანაც იყო საუბარი... [გამოკითხვა] ბორჯომში ჩავატარეთ. ჩვენმა თანამშრომლებმა [ჩაატარეს]", — უთხრა On.ge-ს ბორჯომის მერმა.

ის ამბობს, რომ "არაფერ შუაშია" ხელისუფლების მიმართ მარიკა თხელიძისა და ნინი ქარსელაძის სიმპათია "ბორჯომობაზე" მათ მიპატიჟებაზე.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ნინი ქარსელაძე მუნიციპალიტეტებს ადგილობრივებთან ჩაჰყავთ. ასე მოხდა ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალსოფლის სოფლის დღესასწაულის აღსანიშნავ კონცერტზეც.