ტელეკომპანია პირველი სრულფასოვან მაუწყებლობას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ამის შესახებ On.ge-ს არხის კომერციულმა დირექტორმა, ნანა აბურჯანიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, არხი პირდაპირ ეთერში მხოლოდ სტუდიიდან მაუწყებლობს. ჯერჯერობით შეუძლებელია მაყურებლისთვის სტუდიის გარეთ ჩაწერილი ვიდეომასალების ჩვენება.

"სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება და ცოტა მოგვიანებით მეცოდინება ღამის კვლევის შედეგები, ამ დროისთვის გუშინდელის მსგავსად ვცდილობთ ლაივრეჟიმში მუშაობას. საქმიანი დილა ეთერში ვერ გავიდა და ვცდილობთ დღის ამბებისთვის რამე მოვახერხოთ", — ამბობს ნანა აბურჯანიძე.

ტელეკომპანია TV პირველის განცხადებით, 13 აგვისტოს არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც ტელევიზიის სრული პარალიზება გამოიწვია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ მთავარ სერვერზე კიბერთავდასხმა განხორციელდა ე.წ. კრიპტოვირუსის გამოყენებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკითხს ამ დრომდე სწავლობენ.